ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე პლეი-ოფი დაიწყო და პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში საფრანგეთმა თურქეთი დაამარცხა.
თამაში საოცრად დრამატული გამოდგა და პირველ ტაიმში საფრანგეთის ნაკრები უპირატესობას ფლობდა. შედეგად, ვინსენ კოლეს გუნდი დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა. თუმცა, მესამე პერიოდში ვითარება შეიცვალა, თურქეთის ნაკრებმა ეს ათწუთეული ბრწყინვალედ ჩაატარა და 22:6 მოიგო! აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრებმა მესამე მეოთხედის ბოლო 7 წუთში 1 ქულაც ვერ ჩააგდო! ამგვარად, გადამწყვეტ პერიოდს ერგინ ატამანის გუნდი საკმაოდ კომფორტული, 8-ქულიანი უპირატესობით შეხვდა და ზოგადად, ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან.
შეხვედრის დასრულებამდე 12 წამით ადრე თურქეთის ნაკრები 77:75-ს იგებდა და ფრანგებმა არასპორტული ჯარიმა მიიღეს. შედეგად, საჯარიმოები ჯედი ოსმანმა ესროლა, თუმცა „კლივლენდის“ კალათბურთელმა ორივე ჯარიმა გააფუჭა! თუმცა, ბურთი თურქებს დარჩათ და შეეძლოთ უპირატესობა მინიმუმ შეენარჩუნებინათ, მაგრამ ბურთიც დაკარგეს, ხოლო საპასუხო შეტევა რუდი გობერმა ზუსტი ორქულიანით დაასრულა - 77:77.
დაინიშნა ოვერ-ტაიმი, სადაც თურქეთი უკვე ფსიქოლოგიურად გატეხილი იყო, საფრანგეთის ნაკრები კი წაგებული თამაშის გადარჩენით ფრთაშესხმული თამაშობდა. მიუხედავად ამისა, თურქეთს მაინც შეეძლო მოგება. ოვერ-ტაიმის დასრულებამდე 13 წამით ადრე საფრანგეთი 87:86-ს იგებდა და საჯარიმო ხაზზე რუდი გობერი იდგა, მაგრამ მან ორივე ჯარიმა ააცილა და ატამანის გუნდმა შანსი მიიღო, რომელიც ისევ ვერ გამოიყენა. ფურკან კორკმაზმა ბურთი დაკარგა და თურქეთიც დამარცხდა.
თურქეთის ნარებს ბუღრაჰან ტუნჩერმა ულიდერა 22 ქულით, რომელმაც 10-დან 6 სამქულიანიც ჩააგდო. 18 ქულა ჰქონდა ფურკან კორკმაზს, 12 სერტაჩ შანლის, 11 ჯედი ოსმანს. ამჯერად გამორჩეული არ იყო ალფერენ შენგუნი, რომელიც მხოლოდ 8 ქულას დასჯერდა. საფრანგეთის ნაკრებში 20 ქულით რუდი გობერი იყო საუკეთესო, ხოლო ევან ფურნიემ და ტომას ერტელმა 13-13 ქულა მიითვალეს.
თურქეთი - საფრანგეთი 86:87 (11:18, 24:25, 22:6, 20:28, 9:10)