ფეხბურთი

17:23 | 9.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძლიერი ფრთები სჭირდება!

გოდერძი ჩოხელის უმაგრეს მოთხრობებს შორის განსაკუთრებით „ცასწავალა“ მიყვარს. პრინციპში მოთხრობაც არაა. ესაა მცირე ნოველა ერთ პატარა ჩიტზე, რომელსაც არ მოსწონს არსებული რეალობა და სულ ცდილობს, ამ რეალობას მოსცილდეს. დაიძახებს „ცასწავალა“ და წვალობს, ფრთებს მთელი ძალით იქნევს, ენერგიას არ იშურებს, მაგრამ ავა, კიდევ ავა ზემოთ და ბოლოს მაინც ძირს ეცემა. ეს დაცემა არის მორიგი მარცხი და ვაება, მაგრამ ეს უბრალო ჩიტი როდია!

ამის გამო სხვა ჩიტები დასცინიან და ნიშნს უგებენ, რადგან არ მოსწონთ შეუგუებლობა, ბრძოლის იშტა და რაღაცნაირი გიჟური სიჯიუტე. ჩიტის ბედი ტრაგიკულად სრულდება, მისი პატარა სხეული და გული ვეღარ გაუძლება ამდენ წვალებას, მუდმივად გაქცევაზე ფიქრს, ერთხელაც აფრინდება, რა თქმა უნდა ჩამოვარდება და უსულოდ ეცემა ძირს.

ამ ჩიტის ბედი ყველაზე ძალიან საქართველოს და საქართველოს ბედს მაგონებს. ჩვენი ქვეყანაც მუდამ ცდილობდა და დღესაც ცდილობს (იმედია) არსებული რეალობიდან და სამეზობლოდან თავის დაღწევას. საქართველო საუკუნეები ესწრაფვოდა მტრული რეგიონიდან „გაღწევას“ და ცივილიზებულ ევროპასთან თანაარსებობას, მაგრამ, გოდერძი ჩოხელის გმირი ჩიტივით, ეს მცდელობები როგორც წესი ტრაგიკულად სრულდებოდა ხოლმე. თუმცა, ჩიტისგან განსხვავებით საქართველო ცოცხალია, ჯერ კიდევ იბრძვის და ეს ბრძოლა არ დასრულებულა!

რა აკლდა „ცასწავალას?“ აკლდა დიდი და ძლიერი ფრთები, ძალა და სხვათა მხარდაჭერა. ჩვენს დროში, ვისაც ქართველთაგან „ფრთებიც“ აქვს, შემართებაც უზღვავად გააჩნია და მთელი მსოფლიო მხარს უჭერს, ეს იტალიურ „ნაპოლიში“ დიდებულად მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა. სწორედ ხვიჩაა ჩვენი ქვეყნის იმედი, რომ პატარა და ღარიბი საქართველოს შესახებ მსოფლიო მხოლოდ და მხოლოდ კარგი კუთხით გაიგებს.

მათ შორის ევროპაში გაიგებენ, რომ ჩვენში ჯერ ისევ თამაშობენ დიდ ფეხბურთს, ჯერ ისევ შეგვიძლია გავზარდოთ დიდი ტალანტები და ქართული ფეხბურთის ისტორია ბორის პაიჭაძით, მიშა მესხით და დათო ყიფიანით არ დასრულებულა!

მომიტევეთ ზედმეტი პათეტიკისთვის, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია გოდერძი ჩოხეულისეული „ჩასწავალას“ გაუმჯობესებული ვერსიაა. გონიერი, ფრთაშესხმული, მიზანსწრაფულიც და რაც მთავარია, ხალხში დაკარგული იმედის დამნერგავი. იმედია, ხვიჩაც და საქართველოც ოდესმე გავა ფონს, ოდესმე გავაღწევთ ჩაკეტილი შავბნელი რეალობიდან და „ცას“ წავალთ. წავალთ ზევით, ცივილიზებული მსოფლიოსაკენ.

იქ სადაც:

  1. სპორტსმენის და არამარტო სპორტსმენის მონდომება და ნიჭი მილიონობითდოლარიანი ანაზღაურებით ფასდება;
  2. ადამიანებს არ ეშინიათ ხვალინდელი დღის გათენების;
  3. ათასობით ბავშვი აღარ შიმშილობს;
  4. პოლიცია მხოლოდ და მხოლოდ ხალხს ემსახურება;
  5. ნარკომანია და ქრონიკური დაავადებები შემცირებულია;
  6. ზამთარში ქუჩაში არ იყინებიან არც ადამიანები და არც უპატრონო ცხოველები;
  7. ხელისუფლებები მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებით იცვლება;
  8. წარმატებულ სპორტსმენებს სახელისუფლებო ბნელი ჯგუფები მოქალაქეების ერთმანეთთან დასაპირისპირებლად არ იყენებენ;
  9. ეკლესიის იერარქები ზრუნავენ ხალხის მორალზე და ზნეობაზე და არა საკუთარ კეთილდღეობაზე;
  10. სკოლა სკოლას გავს და უნივერსიტეტი უნივერსიტეტს;
  11. სადაც მოხუცებს უზრუნველი სიბერე გარანტირებული აქვთ;
  12. სასამართლო მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი სამართლიანობის მსახურია.

განა ეს ბევრია? არ არის ბევრი! უბრალოდ ჩვენ შეიძლება წამოუდგენლად გვეჩვენოს ზემოთჩამოთვლილი პუნქტების შესრულება, თორემ იმ გზაზე, რასაც ხვიჩა კვარაცხელია მწვანე მინდორზე გვიკვალავს, შეუსრულებელი და შეუძლებელი არაფერია. მთავარია გვჯეროდეს!

0.134793