სხვა

3:16 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

როგლიჩი ვუელტას გამოეთიშა

ვუელტას მისი სამგზის ჩემპიონი, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი გამოეთიშა. წინა ეტაპის ფინიშზე წაქცევის შემდეგ, მან რბოლის გაგრძელებისგან თავი შეიკავა. არადა, ლიდერ რემკო ევენეპოლთან ჩამორჩენას თანდათან ამცირებდა. ამგვარად, ბელგიელმა ლიდერის პოზიცია განიმტკიცა.

მე-17 ეტაპი კი კოლუმბიელმა რიგობერტო ურანმა (ფოტოზე) მოიგო, ვინც ფინიშზე ფრანგ კვენტინ პაშერს და ესპანელ ხესუს ერადას მიასწრო. არადა, ფინიშამდე კილომეტრით ადრე, წინ ერადა იყო და თითქოს, გამარჯვებაც მას უნდა მოეპოვებინა. მაგრამ ურანმა ბოლო 200 მეტრზე მკვეთრად გაზარდა ტემპი და ესპანელი ჩამოიტოვა. ამგვარად, ურანმა მესამე ველომარათონზე აქვს მოგებული ეტაპი. ვუელტამდ მას რბოლები ტურ დე ფრანსზე და ჯირო დ’იტალიაზეც ჰქონდა მოგებული.

„სასიამოვნოა ვუელტაზე რბოლის მოგება. ამას რამდენიმე წელი ველოდი. ტურზე და ჯიროზე ეტაპები უკვე მოგებული მქონდა. დღეს სწრაფ ბიჭებთან პაექრობამ მომიწია. ბოლოსთვის ენერგია შემოვინახე. 300 მეტრი რომ რჩებოდა, საკუთარ თავს ვუთხარი, ეს ახლა უნდა შევძლ, ან არასდროს. ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ ყოველთვის უნდა გვჯეროდეს და ვიბრძოდეთ“, - განაცხადა ურანმა.

ევენეპოლს არ გასჭირვებია ლიდერის წითელი მაისურის შენარჩუნება. მართალია, როგლიჩის გამოთიშვის შემდეგ, მეორეზე გადასულმა ესპანელმა ენრიკ მასმა დისტანციის მიწურულს შეტევა სცადა, მაგრამ ბელგიელს ეს არ გამოპარვია და მეტოქე მალევე „დაიჭირა“. 17 ეტაპის შემდეგ, ის მასს ორ წუთზე მეტს უგებს.

მომდევნო ეტაპზე მონაწილეებს კვლავ სამთო რბოლა ელით.

0.116092