კენიელმა ნიკოლას კიპკორირმა ბრილიანტის ლიგის ფინალურ შეხვედრაზე, რომელსაც შვეიცარიის ქალაქმა ციურიხმა უმასპინძლა, 5 000 მეტრზე გაიმარჯვა. წვიმიან ამინდში მან დისტანციის ბოლოს აუჩქარა ფეხს და ხაზიც პირველმა გადაკვეთა. ამავე დისტანციაზე, ქალთა შორისაც კენიელმა მორბენალმა, ბეატრის ჩებეტმა დაძაბულ პაექრობაში გაიმარჯვა.
„უფრო მეტის მიღწევას ვაპირებ, ეს ამ სეზონში ჩემი ბოლო გამოსვლაა. ახლა კენიაში დავბრუნდები და მომავალი სეზონისთვის მზადებას დავიწყებ. მარტში რამდენიმე გარბენი ქროსში მაქვს და პირველ რიგში, ამისთვის მოვემზადები. მინდა კენს გუნდს წევრი ვიყო“, - განაცხადა კიპკორირმა, ვინც ფინიშს 12 წუთსა და 59.05 წამში მიაღწია.
ჩებეტმაც დისტანციის მიწურულს შეძლო აჩქარება და ფინიშს პირველმა, 14 წუთსა და 31.03 წამში მიაღწია. მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე მან მეორე ადგილი დაიკავა, მერე კი თანამეგობრობის თამაშებზე გაიმარჯვა. გამარჯვებულს მხოლოდ 0.49 წამით ჩამორჩა მისივე თანამემამულე, მსოფლიოს 2019 წლის ვიცე ჩემპიონი მარგარეტ კიპკემბოი. მესამე ადგილი კი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ეთიოპიელმა გუდაფ ცეგაიმ დაიკავა.
ბირთვის კვრაში შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა ამერიკელმა ჯოი კოვაჩმა, ვისი გასროლილი ბირთვიც 23.23 მეტრზე დაეცა. ეს კი ყველა დროის მესამე საუკეთესო შედეგია. ქალთა შორის ბირთვის კვრაშიც ამერიკელმა მსოფლიო ჩემპიონმა ჩეიზ ილიმ (20.19 მეტრი) გაიმარჯვა და კარიერაში პირველად მოიპოვა ბრილიანტის ლიგის ჩემპიონის ტიტული.
მამაკაცთა შორის სიმაღლეზე ხტომაში, იტალიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჯანმარკო ტამბერიმ 2.34 მეტრზე გადახტომა შეძლო და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. ქალთა შორის ჭოკით ხტომაში კი ავსტრალიელი ნინა კენედი 4.81 მეტრზე გადახტა და ჩემპიონი გახდა.