ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზეც ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა. მართალია, „ნაპოლის“ შემტევს „ლივერპულთან“ გოლი არ გაუტანია, მაგრამ საგოლე პასი გააკეთა (თანაც როგორი!) და გარდა ამისა, კიდევ ორ საგოლე შეტევაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.
თავის მხრივ, „ნაპოლისაც“ შესანიშნავი თამაში ჰქონდა, რომელმაც იურგენ კლოპის „ლივერპულს“ შანსი არ დაუტოვა და „სტადიო მარადონაზე“ ფანტასტიკურ სტილში, ულამაზესი ფეხბურთით და დამსახურებულად დაამარცხა.
პირველ ტაიმში ნეაპოლელებმა სამი გოლი გაიტანეს და სამივე საგოლე შეტევაში კვარაცხელია მონაწილეობდა: მეხუთე წუთზე ფლანგზე იაქტიურა, პასი პიოტრ ზელინსკის მისცა, რომელმაც კარში დაარტყა და ბურთი ჯეიმს მილნერს ხელზე მოხვდა, შედეგად პენალტი დაინიშნა, რომელიც პოლონელმა გოლად აქცია. 31-ე წუთზე კვარამ ბურთი ჯო გომესს წაართვა, შეტევა დაიწყო, რომელიც ზელინსკისა და ზამბო ზანგისას ფანტასტიკური კომბინაციით და კამერუნელი ნახევარმცველის გოლით დასრულდა. 44-ე წუთზე კი ხვიჩამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა! ამჯერად მან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და ჯო გომესი მოატყუა და ჯოვანი სიმეონეს ისეთი პასი გაუკეთა, რომ არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ცარიელ კარში გატანილი გოლით აღნიშნა!
სხვათა შორის, გოლის გატანა კვარას თავადაც შეეძლო, მაგრამ 27-ე წუთზე ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, როცა თითქმის ცარიელ კარს თავად ემუქრებოდა, მაგრამ ვირჯილ ვან დეიკმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. ისიც ვთქვათ, რომ პირველ ნახევარში „ნაპოლის“ კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ვიქტორ ოსიმენმა პენალტი ვერ გაიტანა. ამრიგად, „სტადიო მარადონაზე“ ლუჩანო სპალეტის გუნდმა „ლივერპულს“ პირველ ნახევარში უბრალოდ არანაირი შანსი არ მისცა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „ნაპოლიმ“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ანგარიში 4:0 გახდა (ზელინსკიმ დუბლი შეასრულა), რასაც იქვე ლუის დიასმა უპასუხა და სხვაობა შეამცირა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და ნეაპოლელებმა 4:1 მოიგეს.
ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა 57-ე წუთზე ალესიო ძერბინით შეცვალა. საქმე ისაა, რომ სანაკრებო პაუზამდე „ნაპოლის“ 10-დღიან ინტერვალში სამი თამაში ელოდება („სპეციასთან“, „რეინჯერსსა“ და „მილანთან“) და როგორც ჩანს, ენერგიას მაქსიმალურად ანაწილებს. მომდევნო მატჩი „ნაპოლისა“ და კვარაცხელიას 10 სექტემბერს, „სპეციასთან“ ელოდებათ.