კალათბურთი

22:57 | 7.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩაგდებული საშინაო ევრობასკეტი: საქართველო ჯგუფიდან ვერ გავიდა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა. ილიას ზუროსის გუნდმა ბოლო შანსიც ვერ გამოიყენა და საშინაო კედლებში ჩატარებული ევრობასკეტის ჯგუფი ეტაპი მთლიანად ჩააგდო.

გასაგებია, თორნიკე შენგელია დიდი დანაკლისია, მაგრამ საქართველოს ნაკრები ამ ევრობასკეტზე ძალიან სუსტად გამოვიდა და ამას კაპიტნის დანაკლისით ვერ გავამართლებთ.

ბელგიის ნაკრების ბულგარეთთან გამარჯვებით ყველაფერი ილიას ზუროსის გუნდის ხელში და მონტენეგრო უნდა დაემარცხებინა, რაც ვერ მოახერხა. ბელგიასთან, ბულგარეთსა და მონტენეგროსთან შინაურ კედლებში მარცხი ვერაფრით აიხსნება, თუ არა, ნაკრების ძალიან სუსტი თამაშით.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან არათუ ვერ გავიდა, საერთოდ ბოლო ადგილს დასჯერდა და თურქეთთან გამარჯვება მხოლოდ ნუგეში გამოდგა. ფინალის ტოლფას შეხვედრაში მონტენეგრომ უპირატესობა პირველივე პერიოდიდან მოიპოვა და საქართველოს ნაკრები მერე პრაქტიკულად სულ მდევრის როლში იყო, თუ არ ჩავთვლით მეორე პერიოდის ორწუთიან ინტერვალს. ასე კი, ცხადია, ევრობასკეტზე თამაშის მოგება წარმოუდგენელია. ცნობისთვის, ზუროსის გუნდმა ამ მატჩში ერთი პერიოდიც ვერ დაასრულა თავის სასარგებლოდ.

საქართველოს ნაკრებში გიორგი შერმადინი 14 ქულით, 9 მოხსნით, 2 პასით და 2 დაფარებით იყო საუკეთესო, 16 ქულა და 4 პასი ჰქონდა თად მაკფადენს, რომელმაც კარგად დაიწყო, მაგრამ მეორე ტაიმში ჩააგდო. 15 ქულასთან ერთად 10 მოხსნა მიითვალა სანდრო მამუკელაშვილმა, გოგა ბითაძე გუნდს 5 ქულით და 9 მოხსნით დაეხმარა, ხოლო დუდა სანაძის აქტივში 14 ქულაა.

მონტენეგროს ნაკრებს იგორ დრობნიაკმა ულიდერა 22 ქულით, 17 ქულა ჰქონდა კენდრიკ პერის, 10 ბოიან დუბლიევიჩს, დინო რადონჩიჩს კი - 9.

საქართველოს ნაკრებს უამრავი პრობლემა რომ ჰქონდა, ეს ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე ნათელი იყო, როდესაც ზედიზედ 7 მარცხი განიცადა. ამდენად, ევრობასკეტზე დაფიქსირებული შედეგი რეალურად რომ შევხედოთ ყველაფერს, მოულოდნელი არ ყოფილა. საქართველოს ნაკრებში ბევრი პრობლემაა, როგორც საკადრო, ისე სამწვრთნელო შტაბში. ცალკე საკითხია, რომ გუნდს სათადარიგო სკამი პრაქტიკულად არ ჰყავს.

საქართველოსთვის ევრობასკეტი დასრულებულია, წინ კი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია (ნოემბერში).

საქართველო - მონტენეგრო 73:81 (19:21, 16:20, 17:17, 21:23)

მატჩის სტატისტიკა სრულად...

0.157084