კალათბურთი

17:20 | 7.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა თურქეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. სერჯო სკარიოლოს გუნდმა ბოლო ტურში თურქეთი ძალიან დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა და პირველობა გაიფორმა.

მატჩი როგორც ვთქვით, ძალიან დაძაბული გამოდგა და ბოლო წამებამდე არაფერი იყო გარკვეული. შეხვედრის დასრულებამდე 22 წამი რჩებოდა, როცა თურქეთი ერთადერთი ქულით აგებდა და ბურთი ჰქონდა, მაგრამ შეინ ლარკინმა შეტევა ვერ წამოიწყო და ბურთი დაკარგა, რის შედეგადაც თურქებმა გადამწყვეტი იერიშის უფლება დაკარგეს. საბოლოოდ, ყველაფერი ტაქტიკურ ფოლებამდე მივიდა და ესპანეთმა 72:69 მოიგო.

თურქეთის ნაკრებში საუკეთესო 20 ქულით ჯედი ოსმანი იყო, 14 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა ალფერენ შენგუნმა, ხოლო ფურქან კორკმაზმა 16 ქულა შესძინა თავის გუნდს. ესპანეთის ნაკრებში ვილი ერნანგომესი იყო საუკეთესო 15 ქულით, ლორენცო ბრაუნმა 11 ქულა ჩააგდო, ხუანჩო ერნანგომესმა 8, ხოლო ხაბი ლოპეს-აროსტეგიმ - 9.

ესპანეთის ნაკრებმა A ჯგუფში პირველი ადგილი 4 მოგებით და 1 წაგებით დაიკავა, მერვედფინალში კი B ჯგუფის მეოთხეადგილოსან ლიეტუვას შეხვდება. თურქეთს 3 მოგებით და 2 წაგებით მეორე ადგილი ერგო და წინ B ჯგუფის მესამეადგილოსანთან დაპირისპირება ელოდება.

თურქეთი - ესპანეთი 69:72 (18:17, 16:21, 16:28, 19:16)

0.11268