კალათბურთი

10:27 | 7.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტის პლეი-ოფში 12 გუნდი უკვე გავიდა: საქართველო ბელგიაზეა დამოკიდებული

კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტური რჩება და პლეი-ოფის 16 მონაწილიდან 12 უკვე ცნობილია.

საქართველოს ნაკრებს ბოლო ტურის წინ შანსი აქვს, მაგრამ არც ისე მაღალი, რადგან საკუთარ თავზე დამოკიდებული აღარაა. საქართველოს ნაკრებს მერვედფინალში გასასვლელად მონტენეგროსთან აუცილებლად გამარჯვება სჭირდება, თუმცა, მანამდე ბელგიის ნაკრებმა ბულგარეთი უნდა დაამარცხოს.

ბულგარეთის ნაკრები თუ ბელგიას დაამარცხებს, საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან მონტენეგროსთან მოგების შემთხვევაშიც ვერ გავა. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთი-ბელგია ჩვენი მატჩის დაწყებამდე გაიმართება, ამდენად ილიას ზუროსის გუნდს ეცოდინება, ექნება თუ არა მერვედფინალის საგზურის მოპოვების შანსი.

A ჯგუფიდან უკვე გავიდნენ თურქეთი და ესპანეთი, რომლებიც ერთმანეთს პირველი ადგილისთვის შეხვდებიან. დანარჩენი ორი ადგილისთვის ოთხი გუნდი იბრძვის. ბულგარეთი თუ მოიგებს მერვედფინალში ყველა შემთხვევაში გავა და თან გაიყოლებს მონტენეგროს (მონტენეგრო მოგების შემთხვევაშიც გავა), ბელგიას პლეი-ოფის საგზური მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ერგება, ხოლო საქართველოს მოგების და პარალელურად ბელგიის მოგებით. მოკლედ საკითხი ასე დგას: მერვედფინალში გავლენ საქართველო და ბელგია ერთად, ან ბელგია და მონტენეგრო, ანაც ბულგარეთი და მონტენეგრო. სხვა კომბინაცია გამორიცხულია. ასე რომ, საქართველოს ნაკრების ბედი პირდაპირ დამოკიდებულია ბელგიის ნაკრებზეც.

B ჯგუფიდან გავიდნენ გერმანია, სლოვენია და საფრანგეთი, მეოთხე გუნდი ან ლიეტუვა იქნება ან ბოსნია, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან და პრაქტიკულად ფინალის ტოლფასი მატჩია.

C ჯგუფში ყველაფერი გაირკვა - საბერძნეთი, უკრაინა, იტალია და ხორვატია გავიდნენ, ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი - ჩარჩნენ. ბოლო ტურში მხოლოდ ადგილები უნდა განაწილდეს.

D ჯგუფში სამი გუნდის ბედი გადაწყდა: სერბეთი, პოლონეთი და ფინეთი უკვე გასულები არიან და მხოლოდ პოზიციების გასანაწილებლად იბრძოლებენ, ნიდერლანდები ჩარჩა, ხოლო ისრაელი და ჩეხეთი ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებიან და მერვედფინალში მოგებული გავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და მონტენეგროს შეხვედრა დღეს, 21:00 საათზე გაიმართება.

0.124271