ფეხბურთი

18:20 | 6.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საჩემპიონო ინტრიგა დაიძაბა: "დინამო ბათუმმა" "სამგურალთან" უშანსოდ წააგო

საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტურში „დინამო ბათუმი“ წყალტუბოს „სამგურალს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა, რის შედეგადაც საჩემპიონო ინტრიგა დაიძაბა.

„სამგურალმა“ გია გეგუჩაძის გუნდს ყველაფერში აჯობა და პირველივე ტაიმში დემურ ჩიხლაძისა და ჯეფერსონ ჯერალდოს გოლებით მოიპოვა მნიშვნელოვანი უპირატესობა, ხოლო მეორე ტაიმში საბოლოო ანგარიში მიხეილ ბაშალეიშვილმა დააფიქსირა - 3:0.

ამრიგად, „დინამო ბათუმმა“ სეზონში მეორე მარცხი განიცადა და თუ სამი ტურის წინ „დინამო თბილისს“ 9 ქულით უსწრებდა, ახლა სხვაობა მხოლოდ 4 ქულაა. აჭარული გუნდი მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „სამგურალმა“ მოუგებელი სერია შეწყვიტა და 42 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი „დინამო თბილისთან“ ჩაატარებს.

შესანიშნავ ფორმაშია ქუთაისის „ტორპედომ“, რომელმაც მორიგი გამარჯვება სტუმრად „გაგრასთან“ მოიპოვა. კახა ჩხეტიანის გუნდმა გიული მანჯგალაძის დასაწყისში და გიორგი არაბიძის თამაშის მიწურულს გატანილი გოლებით მოიგო. „ტორპედო“ 37 ქულით მეხუთე ადგილზეა და წინ მყოფ გორის „დილას“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება, იმერლების მომდევნო მეტოქე „სიონი“ იქნება. „გაგრა“ 25 ქულით მეცხრეა და „დინამო ბათუმს“ შეხვდება.

„გაგრა“ – „ტორპედო“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 მანჯგალაძე (4), 0:2 არაბიძე (90)

„სამგურალი“ – „დინამო ბათუმი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჩიხლაძე (9), 2:0 ჯეფერსონი (30), 3:0 ბაშალეიშვილი (68)

0.11462