ჩოგბურთი

2:57 | 6.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკი აშშ-ის ღიადან გავარდნას გადაურჩა

მსოფლიოს პირველ ჩოგანს, პოლონელ იგა სვიატეკს, აშშ-ის ღია პირველობის მეოთხე წრეში, ნამდვილი გამოცდა მოუწყო რეიტინგში 108-ე საფეხურზე მყოფმა გერმანელმა ჯული ნიმაიერმა. საბოლოოდ, სვიატეკმა გამოცდილების ხარჯზე, 2-6, 6-4, 6-0 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

სვიატეკმა, ვინც ახლახანს მეორედ მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა და ზედიზედ 37 შეხვედრაში გაიმარჯვა, ნიმაიერთან შეხვედრა ცუდად დაიწყო. მან უამრავი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს პირველი სეტის მოგების საშუალება მისცა.

მეორე სეტშის დასაწყისშიც ვერ ააწყო თამაში და მესამე გეიმში, გერმანელმა ისევ ბრეიკს მიაღწია. პაუზისას, სკამზე მჯდომ სვიატეკს თავზე პირსახოცი ჰქონდა გადაფარებული, თითქოს საკუთარი თამაშის გამო რცხვენოდა. კორტზე დაბრუნებულმა კი ზედიზედ სამი გეიმი მოიგო და დაწინაურდა. სეტის ბოლომდე, მეტოქეებმა კიდევ ორ-ორი ბრეიკის აღება შეძლეს და საბოლოოდ, ამან უპირატესობა სვიატეკს მოაპოვებინა, ვინც სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტში უკვე ნიმაიერმა უხშირა შეცდომებს. რა თქმა უნდა, ეს კარგად გამოიყენა სვიატეკმა და სეტის მშრალად მოგებით, შეხვედრაც გამარჯვებით დაასრულა. ის პირველად გავიდა აშშ-ის ღიას მეოთხედფინალში, სადაც მეტოქედ, კარგ ფორმაში მყოფი ამერიკელი ჯესიკა პეგულა ეყოლება.

0.117804