კალათბურთი

20:50 | 5.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ატამანი: "ეს დიდი სკანდალია, მატჩი უნდა გადათამაშდეს, სასტუმროში შესაბამისი კვებაც არ გვაქვს"

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერგინ ატამანმა, რომელიც გუშინ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, დღეს ისაუბრა თურქულ მედიასთან და განაცხადა, რომ ისინი ტურნირის დატოვებას ჯერ არ აპირებენ, თუმცა მატჩის გადათამაშებას ითხოვენ.

„ევროპული კალათბურთის ყველაზე დიდი ტურნირია ევრობასკეტი და რაც მოხდა მოედანსა და გასახდელში დიდი სკანდალია. ფურკან კორკმაზი გასახდელში შევიდა ჩვენი სტაფის წევრთან ერთად და მას სამი ქართველი კალათბურთელი თავს დაესხა. როგორც მითხრეს, შენგელია, ბითაძე და სანაძე იყვნენ, რომლებიც პირდაპირ თავს დაესხნენ კორკმაზს გასახდელში. ჩვენი თანამშრომელიც სცემეს, ძირს დაეცა. თამაში რომ დასრულდა, გასახდელში შევედი და დავინახე, რომ მწვრთნელის გასახდელს თავს ფურკანი აფარებდა. ეს სკანდალია, ყველაფერი სკანდალია საქართველოში ჩამოსვლის დღიდან. პირველ მეორე დღეს ვარჯიშზე რომ მივდიოდით საცობში 40-45 წუთი ვიდექით.

სასტუმროშიც სპორტსმენებისთვის შესაფერისი კვება არ არის, მაგრამ ეს კარგი, ფიბამ მოთამაშეების უსაფრთხოება ხომ უნდა დაიცვას? რაც გუშინ მოხდა, სკანდალია. თამაშის ბოლოს, როცა ჩვენი კალათბურთელები გასახდელში მიდიოდნენ, პოლიციები თავს დაესხნენ, ცდილობდნენ გასახდელში მათ შეთრევას და ჩვენი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსაც თავს დაესხნენ. ეს ყველაფერი წარმოუდგენელია.

ეს ერთი ნაწილია. მეორე ნაწილი თამაშის 22 წამია, რომელიც არ გვითამაშია. ეს კალათბურთია, ოვერ-ტაიმის დაწყებამდე შეტევისთვის მხოლოდ 2 წამი გვქონდა, რომ არა დაკარგული 22 წამი, 24 წამი გვექნებოდა შეტევისთვის. თამაშის დროს გავაპროტესტეთ ეს სამსაჯო მაგიდასთან და გვითხრეს, რომ პრობლემა არ იყო. თამაშის დასრულებისთანავე შევიტანეთ პროტესტი, რადგან 22 წამი კალათბურთში დიდი დროა. ახლა ჩვენ ფიბას გადაწყვეტილებას ველოდებით, რათა გაანულოს თამაშის შედეგი ან ბოლო 4.5 წუთი გვათამაშონ, როცა ტაბლო აირია. ეს ყველაფერი სასაცილოა.

რაც შეეხება ჩემს გაძევებას, მსაჯებმა ჯედი ოსმანს არასპორტული ჯარიმა დაუფიქსირეს, როცა მხოლოდ მცირე ტაქტიკური ფოლი იყო და ესეც სასაცილოა. დიახ, გაძევება დავიმსახურე, რადგან ძალიან გავაპროტესტე, მაგრამ ის არასპორტული ჯარიმა არ იყო. აქ კალათბურთელები სათამაშოდ არიან და ეს დიდი ზიანია მსოფლიო კალათბურთისთვის. ჩვენ აქ სპორტული ატმოსფეროთი დასატკბობად ჩამოვედით და არა იმისთვის, რომ ვინმესთან ვიომოთ. ასევე გასაკვირია, რომ გასახდელში საჩხუბრად შევიდნენ ისეთი კალათბურთელები, რომლებსაც დიდი კარიერა აქვთ, შენგელია და ბითაძე ჩვენს მოთამაშეს თავს დაესხნენ. ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზია.

ჩემი მოთამაშეების ფსიქიკური ასპექტი ახლა კარგი არ არის, განსაკუთრებით კორკმაზის. ის NBA-ს მოთამაშეა და წარმოიდგინეთ ასეთი რამ NBA-ში რომ მოხდეს. არა, ტურნირის დატოვებაზე ამ დროისთვის არ ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, თუ ასე გაგრძელდება, კალათბურთი როგორ უნდა ვითამაშოთ? სხვა გუნდებსაც ვესაუბრეთ, ისინიც წუწუნებენ. ყველა ჩივის სხვადასხვა სიტუაციებზე, გუშინ ვესაუბრე მონტენეგროს სამწვრთნელო შტაბს და სერჯო სკარიოლოს, ყველა წუწუნებს. რა თქმა უნდა, თუ ჩვენი უსაფრთხოება დაცული არ იქნება, ვიფიქრებთ ევრობასკეტის დატოვებაზე.

დღეს ჩვენი მთავრობის წევრებმაც დამირეკეს, მეც და თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ჰედო ტურკოღლუს. ახლა ყველა ჩართულია საქმეში. პირველ რიგში გვჭირდება ჩვენი კალათბურთელების უსაფრთხოება. არ შეიძლება გასახდელში პოლიცია შემოვიდეს და შეუტიოს ჩვენს მოთამაშებს ან პერსონალს. ფიბამ გვითხრა, რომ მათ 24 საათი აქვთ ჩვენი პროტესტის საპასუხოდ, ვნახოთ“, - თქვა ატამანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თურქეთი ოვერ-ტაიმში 88:83 დაამარცხა და მატჩი ძალიან სკანდალური გამოდგა. თურქებმა პროტესტი გამოთქვეს დაკარგული 22 წამისა და ასევე, ამტკიცებენ, რომ მათი კალათბურთელი ფურკან კორკმაზი გასახდელში სცემეს. ჯერჯერობით, ფიბას ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

0.112101