კალათბურთი

18:54 | 5.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კორკმაზი: "გასახდელში ერთმანეთს მუშტები დავარტყით, ჩვენ თავს ვიცავდით"

თურქეთის ნაკრებისა და „ფილადელფიას“ კალათბურთელმა ფურკან კორკმაზმა საქართველოს ნაკრებთან მატჩში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. როგორც თურქმა კალათბურთელმა თქვა, მთავარი გასახდელში მომხდარი ამბავია, სადაც ქართველ კალათბურთელებთან მისივე თქმით, ქუჩურ ჩხუბში ჩართვა მოუწია.

„თქვენ მომხდარის მცირე ნაწილი ნახეთ მოედანზე. ჩვენ პირისპირ შევხვდით ერთმანეთს. არავის მივცემ უფლებას პირადი შეურაცხყოფა მომაყენოს. დიახ, თამაშის დროს შეკამათება ხდება, ეს თამაშის ნაწილია, მაგრამ ის, რაც მან მითხრა, ვერ გავატარებდი. რეაგირება მოვახდინე, როგორც მოთამაშემ და როგორც ადამიანმა, კაცმა.

გასახდელში ჩემთან ერთად სტაფის წევრი იყო და დავინახე ჩვენკენ სამი ქართველი კალათბურთელი და დაცვის ორი თანამშრომელი მორბოდა. ერთმანეთს მუშტები დავარტყით, ეს ქუჩურ ჩხუბს ჰგავდა. საუბარიც არ ყოფილა, ისინი მოვიდნენ და თავს დაგვესხნენ. რა თქმა უნდა, რეაგირება ჩვენც მოვახდინეთ და ვცდილობდით თავის დაცვას, რასაც მამაკაცები აკეთებენ. ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების პრობლემა არსებობს, მაგრამ შესაძლოა ისინი თავიანთი მოთამაშეების მიმართ ტოლერანტობას ავლენდნენ. გვესმის, რომ ისინი სახლში არიან, მაგრამ ეს მიუღებელია. ის, რაც მოედანზე ხდება კარგი, მაგრამ რაც მოედანს მიღმა ხდება, ამაზე უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ. როგორც ვთქვი, ერთმანეთს მუშტები დავარტყით, ეს ქუჩური ჩხუბი იყო“, - თქვა კორკმაზმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ოვერ-ტაიმში 88:83 დაამარცხა, მაგრამ თურქები თამაშის შედეგს აპროტესტებენ და მინიმუმ ერთი ოვერ-ტაიმის თავიდან ჩატარებას ითხოვენ, რისი მიზეზიც, არა მარტო ჩხუბი, არამედ თამაშის დროს დაკარგული 22 წამია.

0.134825