სხვა

10:27 | 5.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევენპოელს მთაში ისევ გაუჭირდა

ვუელტას მე-15, ურთულესი სამთო ეტაპი ჰოლანდიელმა თიმენ არენსმანმა მოიგო, ვინც ურთულეს მთა სიერა ნევადაზე ასვლისას შეძლო დაწინაურებულთა ჯგუფის ნარჩენების ჩამოტოვება და ფინშის ხაზი პირველმა გადაკვეთა.

კვლავ გაუჭირდა რბოლის ლიდერს, ბელგიელ რემკო ევენპოელს, ვინც მთავარი მეტოქის, ვუელტას სამგზის ჩემპიონ პრიმოჟ როგლიჩის ტემპს ვერ გაუძლო და მასთან 15 წამი დათმო. თუმცა ამის მიუხედავად, კმაყოფილი დარჩა, რადგან ისევ ლიდერია.

22 წლის ბელგიელმა განაცხადა, რომ შაბათის ეტაპზე ძალნ გაუჭირდა, კვირას კი უკეთ იასპარეზა და კმაყოფილია, რადგან „თითქმის არაფერი“ დაუკარგავს. მისი თანატოლი არენსმანი (ფოტოზე) 152.6-კილომეტრიანი რბოლის ადრეულ ეტაპზევე, დიდ ჯგუფთან ერთად დაწინაურდა, რომელიც ბოლო აღმართზე დაიქსაქსა. მთის სპეციალისტისთვის ის უჩვეულოდ მაღალია (190 სანტიმეტრი), მაგრამ ამის მიუხედავად, მიმდინარე ვუელტას უმაღლეს წერტილში (ზღვის დნდან 2,513 მეტრი) განლაგებულ ფინიშზე მაინც ყველას მიასწრო.

„ამის დაჯერება მიჭირს. ეს ხომ ვუელტას დედოფალი ეტაპია. სიერა ნევადაზე ყველა ლაპარაკობს. ამ რბოლისას თავს საუკეთესოდ არ ვგრძნობდი, მაგრამ როგორც ჩანს, სხვები უარეს დღეში იყვნენ“, - განაცხადა არენსმანმა.

ფინიშამდე 22 კილომეტრი რჩებოდა, როცა ესპანელმა ვეტერანმა მარკ სოლერმა, ვისაც მეხუთე ეტაპი აქვს მოგებული, ფეხს აუჩქარა. მას მხოლოდ არენსმანი მიჰყვა. ამან ყველაზე მკვეთრ აღმართში კიდევ უფრო გაზარდა ტემპი და სოლერიც ჩამოიტოვა.

ელიტურ ჯგუფს პირველი ესპანელი ენრიკ მასი გამოეყო და რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა. მან გამარჯვებულთან 1 წუთი და 32 წამი წააგო და ევენპოელთან ჩამორჩენა შეამცრა. ის ისევ მესამეზე რჩება. რაც შეეხება როგლიჩს, კარგა ხანს ის ევენპოელს მიჰყვებოდა, მაგრამ ბოლოს მანაც აუჩქარა და მეტოქეს 15 წამი მოუგო.

მე-15 ეტაპის შემდეგ, ევენპოელი როგლიჩს 1 წუთს და 34 წამს უგებს, მასი კი მისგან ორ წუთსა და 01 წამშია.

ორშაბათს ისევ დასვენების დღეა, შემდეგ კი რბოლის მონაწილეებს სპრინტერული ეტაპი ექნებათ. მომდევნო ეტაპზე მცირე აღმრთებია, რის შემდეგაც ისევ სამთო ეტაპებზე მოსინჯავენ თავიანთ შესაძლებლობებს. როგორც ევენპოელი ამბობს, რბოლის ურთულესი ეტაპები უკვე გავლილია, რაც მას გამარჯვების იმედს უძლიერებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116476