კალათბურთი

2:35 | 5.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილი: "ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძოდით, ეს დაუვიწყარი გამარჯვება იყო"

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა თურქეთის ნაკრებთან (88:83) გამარჯვების შემდეგ კომენტარი პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, დარბაზში საოცარი ატმოსფერო იყო და მთელმა გუნდმა დიდი სამუშაო შეასრულა.

„შესანიშნავი გამარჯვება იყო. დარბაზში ატმოსფერომ მოლოდინს გადააჭარბა. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს ასეთი ატმოსფეროს შექმნისთვის. მათ მოგვცეს სტიმული, რომ ეს თამაში უკეთესად გვეთამაშა და მოგვაგებინეს. ამისთვის არ არსებობს სიტყვები, რომ სათანადო მადლობა გადავუხადო.

თურქეთი ძლიერი გუნდია და მასთან თამაში ადვილი არ არის და მის წინააღმდეგ თამაში ყველას უჭირს. მწვრთნელმაც აღნიშნა, რომ ორი ლიდერი დავკარგეთ თოკოსა და გოგას სახით. თუმცა მათ გარეშე გუნდმა დიდი სამუშაო შეასრულა. საოცარი თამაში ჰქონდა რატის, ჯინჭარაძეს, ყველას. ახლა კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ და მომდევნო თამაშებზე ვიფიქროთ.

თურქეთის მწვრთნელის კრიტიკა ცარიელ დარბაზზე? ჩვენთვის ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. ჩვენ თამაშზე ვართ კონცენტრირებული და არც ვიცი ამ კითხვაზე რა გიპასუხოთ. არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რას იტყვიან სხვა მწვრთნელები, ვფიქრობთ მხოლოდ როგორ ჩავატაროთ მატჩები და როგორ მოვიგოთ დარჩენილი შეხვედრები. ვფიქრობ, ხალხმა დღეს ყველაფერი დაინახა.

მარტო შეხვედრას ვერ მოიგებ, ამისთვის გუნდის დახმარებაა საჭირო. ჩვენ გვყავს საოცარი სამწვრთნელო შტაბი, საოცარი კალათბურთელები, რომლებსაც ერთმანეთის გვჯერა. დღეს შესაძლოა მე ვითამაშო კარგად, სხვა დროს სხვა მოთამაშემ, მაგრამ მთავარი საერთო შედეგია. 45 წუთი ვითამაშე? მე მიყვარს კალათბურთი და კალათბურთის თამაში სიამოვნებას მანიჭებს, ასე რომ მადლობა მწვრთნელს, რომ ეს სიამოვნება მომანიჭა.

პირველი წაგების შემდეგ ფაზლივით დავიშალეთ და მალე გამოღვიძება გვჭირდებოდა. დღეს ჩვენ დავბრუნდით და კარგად გამოვიყურებოდით. ვიბრძოდით ჩვენი გუნდისთვის, ვიბრძოდით ჩვენი ქვეყნისთვის და ფანებთან ერთად შოუ მოვაწყვეთ. ეს დაუვიწყარი იყო“, - თქვა მამუკელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 1 მოგებით და 2 წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 6 სექტემბერს, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. სანდრო მამუკელაშვილმა თურქეთთან 20 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, რითაც მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.

0.132439