კალათბურთი

2:17 | 5.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ეს ემოციები არასდროს დაგვავიწყდება, მაგრამ ზეიმის უფლება არ გვაქვს"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა თურქეთის ნაკრებთან გამარჯვების (88:83) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბერძენმა სპეციალისტმა აღნიშნა, ამ მოგებამ გუნდს უფრო მეტი თავდაჯერება უნდა შემატოს.

„პირველ რიგში ვულოცავ ჩვენს კალათბურთელებს. ისინი საამაყოები იყვნენ მთელი ქვეყნისთვის. პირველი წუთიდან ბოლომდე ვიბრძოლეთ. 50 წუთი ვითამაშეთ ისე, რომ მოთამაშეები გამოგვაკლდნენ, დაგვაკლდა თორნიკე, გოგა, ზოგიერთს კი არ გაუმართლათ და უფრო მეტი თამაში მოუწიათ (იცინის), მაგრამ არა უშავს, მთავარია, რომ ჩვენ ეს მატჩი მოვიგეთ. ვულოცავ ჩემს სამწვრთნელო შტაბს, რადგან მათ ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს მთელი ეს დღეები. ასევე ექიმებს, რადგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა იყო და ამ ჩამონათვალში აუცილებლად არიან გულშემატკივრებიც, მათ საოცარი ატმოსფერო შექმნეს და გამარჯვებაში დაგვეხმარნენ. სწორედ ეს ხალხი გვაძლევს ძალას, რომ მეტი და მეტი ვიბრძოლოთ. ვეთამაშებოდით ძალიან კარგ გუნდს, რომელსაც მოვუგეთ. მათ ძალიან კარგი კალათბურთელები ჰყავთ და ასევე კარგი მწვრთნელი. მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამით ჯერ არაფერი დასრულებულა. გამარჯვებამ უნდა შეგვმატოს მეტი თავდაჯერებულობა.

ჩვენ ახლა გამარჯვება გვჭირდება მონტენეგროსთან და შემდეგ ბულგარეთთან. 3 მოგებით კი პლეი-ოფში გავალთ. ორი მოგება გვჭირდება და შედეგზე ვიქნებით კონცენტრირებული. ჩვენ არ შეგვიძლია ზეიმი, არ შეგვიძლია იმაზე ფიქრი თუ რა მოხდა, არამედ უნდა ვიფიქროთ, რა მოხდება მომდევნო დღეებში. ეს ევრობასკეტია, ტურნირი, რომელიც მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და ახლა მხოლოდ მომავალ თამაშზე ვფიქრობთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ და მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, თურქეთის ნაკრებს კი წარმატებას ვუსურვებ შემდეგ შეხვედრებში.

სიამოვნებას ვიღებ ყველა მოგებისგან. განსაკუთრებით დიდი გამარჯვებისგან. ნორმალურიც არის, რომ ვისიამოვნოთ ამ გამარჯვებით. საქართველოს ნაკრები ცდილობს უკეთესი გუნდი გახდეს, რადგან თავად კალათბურთი ვითარდება. სამწუხაროა, რომ წელს ყველა კალათბურთელი არ გვყავდა. ეს ისეთი ემოციებია, რაც არასდროს დაგავიწყდება. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი კალათბურთელების გამო, ჩვენი ფანების გამო. როდესაც დარბაზი სავსეა, საოცარი ემოციები მოდის და ეს ენერგია მოედანზეც გადმოდიოდა. მათ დაუვიწყარი საღამო გვაჩუქეს. გუშინ იმედგაცრუებული ვიყავით, რადგან არ ვიბრძოლეთ და შეცდომები დავუშვით, დღეს კი პირიქით, ბედნიერი ვარ, რადგან ვაჩვენეთ, თუ რას წარმოვადგენთ. განსაკუთრებით მახარებს ჩემი გუნდის დაცვაში კარგად თამაში.

თურქების სარჩელზე არაფერი გამიგია, არაფერი ვიცი. ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო.

ბედნიერი ვარ, რომ ეს სავსე ემოციები, გვეხმარება რომ ვიყოთ პოზიტიურები და ვითამაშოთ ისე თავისუფლად. სანდროს და შერმადინს საოცარი თამაში ჰქონდათ“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 1 მოგებით და 2 წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 6 სექტემბერს, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

0.141625