მსოფლიო ჩემპიონმა მქს ფერსტაპენმა ზანდფოორტზე საშინაო რბოლა, ზედიზედ მეორედ მოიგო და უახლოეს მდევრებთან უპირატესობა სამციფრა რიცხვამდე გაზარდა. მოგებისთვის განკუთვნილი 25 ქულის გარდა, მან უსწრაფესი წრისთვის ერთი ბონუს ქულაც დაიმსახურა.
მეორე და მესამე ადგილები „მერსედესის“ ბრიტანელმა ჯორჯ რასელმა და „ფერარის“ მონაკოელმა შარლ ლეკლერმა დაიკავეს. ამ მესამე ადგილით, ლეკლერმა ჩემპიონატში მეორეზე გადაინაცვლა, რომელსაც ფერსტაპენის მექსიკელ თანგუნდელ სერხიო პერესთან იყოფს. ორივეს 201 ქულა დაუგროვდა.
„მათ ყველაფერი იღონეს მოსაგებად. შინ გამარჯვება ყოველთვის განსაკუთრებულია. ამჯერად ამ მოგებისთვის მეტი გარჯა დამჭირდა“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვინც ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ეს 105 000 მაყურებლის წინაშე შეძლო.
ერთხანს რბოლას სათავეში ედგა ლუის ჰამილტონი, ვისაც მოგების თეორიული შანსიც კი ჰქონდა, მაგრამ ჯერ მომხდარი ინციდენტის გამო, ტრასაზე გამოსულმა უსაფრთხოების მანქანამ, „მერსედესს“ ტაქტიკა გაუცუდა, შემდეგ კი თავად სამქიმიანებმა უღალატეს შვიდგზის ჩემპიონს - რბოლის ბოლოსთვის, მედიუმ საბურავები დაუყენეს. ამან ჰამილტონი სოფტებით მოასპარეზე მეტოქეების წინააღმდეგ განაიარაღა და საბოლოოდ, ის მეოთხე ადგილს დასჯერდა.
არადა, ბოლო პიტ სტოპის წინ, პელოტონს სათავეში „მერსედესის“ ორი პილოტი ედგა. გერმანული გუნდის ტაქტიკა, ორივე პილოტისთვის ერთი პიტ სტოპი იყო, რამაც მათ უპირატესობა მისცა. მაგრამ ეს უპირატესობა უსაფრთხოების რეჟიმებმა გაანულა. რესტარტზე ფერსტაპენმა იოლად გაასწრო ჰამილტონს და ამის შემდეგ, მის ლიდერობას საფრთხე აღარც შექმნია.
ჰოლანდიის დიდი პრიზი
ზანდფოორტი, დისტანცია 306.587 კმ (4.259კმ, 72 წრე)
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:36'42.773
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 4.071
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 10.929
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 13.016
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 18.168
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 18.754
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 19.306
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 20.916
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 21.117
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 22.459
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 27.009
- ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 30.390
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 32.995
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 36.007
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 36.869
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 37.320
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 37.764
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 19 წრე
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 29 წრე
უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:13.652 (62-ე წრე, 208.173 კმ/სთ)
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. მაქს ფერსტაპენი - 310 ქულა; 2-3. შარლ ლეკლერი და სერხიო პერესი - 201; 4. ჯორჯ რასელი - 188; 5. კარლოს საინსი - 175; 6. ლუის ჰამილტონი - 158; 7. ლანდო ნორისი - 82; 8. ესტებან ოკონი - 66; 9. ფერნანდო ალონსო - 59; 10. ვალტერი ბოტასი - 46; 11. კევინ მაგნუსენი - 22; 12. სებასტიან ფეტელი - 20; 13. დანიელ რიკარდო - 19; 14. პიერ გასლი - 18; 15. მიკ შუმახერი - 12; 16. იუკი ცუნოდა - 11; 17. გუანიუ ჟოუ და ლანს სტროლი - 5; 19. ალექს ელბონი - 4; 20-21. ნიკოლას ლატიფი და ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) - 0.
კონსტრუქტორთა ჩემპიონატი
1. რედ ბული - 511 ქულა; 2. ფერარი - 376; 3. მერსედესი - 346; 4. ალპინი - 125; 5. მაკლარენი - 101; 6. ალფა რომეო - 51; 7. ჰაასი - 34; 8. ალფატაური - 29; 9. ასტონ მარტინი - 25; 10. უილიამსი - 4.