კალათბურთი

23:29 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ორი ოვერ-ტაიმი და პირველი გამარჯვება: საქართველომ თურქეთი დაამარცხა!

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის მესამე ტურში თურქეთის ნაკრები უდრამატულეს ბრძოლაში 88:83 დაამარცხა და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა!

შეხვედრა საოცრად დაძაბული გამოდგა, რომლის ბედის გადასაწყვეტად ორი ოვერ ტაიმი გახდა საჭირო. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა გარდამტეხ მომენტში დიდი საკანდრო დანაკლისის მიუხედავად მობილიზება მოახერხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

საქართველოს ნაკრებს უკან დასახევი გზა არ ჰქონდა, რადგან ჯგუფში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ამ მატჩში წაგება ჯგუფიდან გასვლის შანსს ძალიან ამცირებდა. დანაკლისი კი ისევ დიდი იყო: გოგა ბითაძემ თამაში ვერ შეძლო, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა საოცარი ბრძოლის ჟინი გამოავლინა და მეტოქის ძლევა მოახერხა, რითაც პლეი-ოფის საგზურის მოპოვების შანსი რეალურად შეინარჩუნა.

პირველ პერიოდში თურქეთის ნაკრები უკეთესი იყო და 6-ქულიანი უპირატესობით გავიდა წინ, მაგრამ მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე დაცვა ითამაშა. თურქეთის ნაკრებმა ამ პერიოდში მხოლოდ 7 ქულა ჩააგდო, რაც დაცვაში ფანტასტიკური თამაში დამსახურება იყო. უფრო მეტიც, ილიას ზუროსის გუნდმა მეორე მეოთხედში 14:0 გაქცევა მოაწყო და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გასვლა მოახერხა. მართალია, მესამე პერიოდი დაძაბული გამოდგა, მაგრამ საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა (17:16), რის შედეგადაც ბოლო მეოთხედ 4-ქულიანი უპირატესობით შევხვდით. სამწუხაროდ, დასკვნით ათწუთეულში თურქებმა 19:15 მოიგეს და ოვერ-ტაიმი დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ვაგებდით, მაგრამ საფინალო სირენამდე ორი წამით ადრე სანდრო მამუკელაშვილის ზუსტი ორქულიანით თამაშის დამატებით დროში გადაყვანა შევძელით. უნდა ითქვას, რომ შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე დუდა სანაძე და ფურქან კორკმაზი ჩხუბისთვის გააძევეს, შედეგად დუდას გარეშე როგორც გამოვიდა, მთელი 15 წუთი ვითამაშეთ. არადა, სანაძემ შესანიშნავად ითამაშა და დიდი ძალა გამოგვაკლდა. ამას დაემატა გიორგი შერმადინის 5 პერსონალური ფოლი, რის გამოც ოვერ-ტაიმში ისიც არ გვყავდა. მგონი, სიტყვები ზედმეტია, რას ნიშნავს საქართველოს ნაკრებისთვის შენგელიას, ბითაძის, შერმადინისა და სანაძის გარეშე თამაში...

ამის მიუხედავად, ოვერ-ტაიმში ზუროსის გუნდი მაგრად იბრძოდა. პირველ დამატებით 5-წუთეულს გამარჯვებული არ ჰყოლია - 7:7 და ამრიგად, კიდევ ერთი ოვერ-ტაიმი დაინიშნა. უნდა აღინიშნოს თად მაკფადენის ორი ზუსტი სამქულიანი ზედიზედ, თორემ საქართველოს ამ ოვერ-ტაიმში 5-ქულიანი ჩამორჩენა ჰქონდა და თითქოს უიმედო ვითარება იყო. აი, მეორე ოვერ-ტაიმის გმირი კი სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 81:81-ზე სამქულიანი ჩააგდო და მატჩის დასრულებამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა. ბოლოს, კი თურქებმა ტექნიკური ჯარიმები მიიღეს, ჯედი ოსმანისა და მთავარი მწვრთნელის ერგინ ათამანის გაცხარების გამო, ჯარიმები კი რატი ანდრონიკაშვილმა და თად მაკფადენმა გამოიყენეს. საბოლოოდ, 88:83 და საქართველო ბრძოლაშია.

საქართველოს ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილმა ულიდერა, რომელმაც 45 წუთში 20 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 42 წუთში რატი ანდრონიკაშვილმა 15 ქულა, 3 მოხნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა, 41 წუთში თად მაკფადენმა 17 ქულა და 6 პასი, გიორგი შერმადინს 28 წუთში 15 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა, ხოლო დუდა სანაძემ 31 წუთში 13 ქულა და 8 მოხსნა შესძინა გუნდს. გარდა ამისა, გიორგი ცინცაძემ 2, ბექა ბექაურმა 3 და კახა ჯინჭარაძემ 3 ქულა მოუტანეს ნაკრებს.

თურქეთიდან ალფერენ შენგუნი გამოირჩა 21 ქულით, ჯედი ოსმანს 13 ქულა ჰქონდა, სერტაჩ შანლის 15, მელიჰ მაჰმუტორღლუს 11 და შეინ ლარკინს მხოლოდ 9, მაგრამ 8 მოხსნასა და 7 პასთან ერთად.

A ჯგუფში სამი ტურის თავზე საინტერესო ვითარებაა: თურქეთს, ესპანეთს, ბელგიასა და მონტენეგროს 2-1 მოგება/წაგების ბალანსი აქვთ, საქართველოს 1 მოგება და 2 მარცხი გააჩნია, ხოლო ბულგარეთი 3 წაგებით აუტსაიდერია. მეოთხე ტურში 6 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები სწორედ ბულგარეთს შეხვდება, თურქეთი ბელგიას და მონტენეგრო ესპანეთს.

თურქეთი - საქართველო 83:88 (25:19, 8:17, 16:17, 19:15, 7:7, 8:13)

სტატისტიკა სრულად...

0.144422