კალათბურთი

20:25 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია თბილისში: ბელგიამ ესპანეთი დაამარცხა

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატიზე მთავარი სენსაცია A ჯგუფსა და შესაბამისად თბილისში დაფიქსირდა, სადაც ბელგიის ნაკრებმა ესპანეთს მოუგო.

დარიო ჯერჯიას გუნდმა ფანტასტიკურად ითამაშა და სერჯო სკარიოლოს გუნდს ყველაფერში აჯობა. არადა, ესპანელებმა ჯერ ბულგარეთსა და მერე საქართველოს იოლად მოუგეს და ახლაც იგივეს გეგმავდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთს ერთი ხანობა 15:0 გაქცევა ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც 10 ქულით წააგო - 73:83. ნიშანდობლივია ისიც, რომ ბელგიელებმა ოთხიდან სამი პერიოდი მოიგეს და ბუნებრივია, რომ გამარჯვებაც მათ დარჩათ.

ესპანეთის ნაკრებში ვილი ერნანგომესი იყო 18 ქულით საუკეთესო, 11 ქულა ჰქონდათ ხუან ერნანგომესსა და დარიო ბრიზუელას, სხვებმა კი თამაში უბრალოდ ჩააგდეს. ბელგიის ნაკრებში ემანუელ ლეკომტე გამოირჩა 20 ქულით, პიერ-ანტუან ჟილემ 14 ქულა მიითვალა, რეტინ ობასოანმა 11, ხოლო ისმაელ ბაკომ - 10.

ბელგიის ნაკრების ეს გამარჯვება საქართველოს ნაკრებისთვის კარგი ამბავი სულაც არ არის. ახლა, ჯგუფში უკვე ოთხი გუნდია, რომელსაც 2 გამარჯვება აქვს - ესპანეთი, თურქეთი, ბელგია და მონტენეგრო. საქართველო ჯერაც მოგების გარეშეა, ჯგუფიდან კი 4 გუნდი გადის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბელგიას აუტსაიდერ ბულგარეთთან თამაში ჩასატარებელი აქვს და თუ მოიგებს, ჯგუფიდან აუცილებლად გავა.

მესამე ტურში 6 სექტემბერს, ესპანეთი მონტენეგროს და ბელგია თურქეთს შეხვდება.

ესპანეთი - ბელგია 73:83 (11:15, 22:17, 21:25, 19:26)

0.116877