სხვა

2:34 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სენსაციები ბრილიანტის ლიგის ბრიუსელის შეხვედრაზე

ბრიუსელში მძლეოსანთა ბრილიანტის ლიგის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ორი სენსაცია დაფიქსირდა: მარცხი იგემეს იამაიკელმა სპრინტერმა შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა და შვედმა ჭოკით მხტომელმა არმანდ დუპლანტისმა.

100 მეტრზე სპრინტში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მისმა თანამემამულე შერიკა ჯეკსონმა დაამარცხა. ფინიშზე მათ შორის სხვაობა, მხოლოდ 0.01 წამი იყო. ეს ამ სეზონში, ფრეიზერ-პრაისის პირველი მარცხია. მან სტარტი კარგად აიღო და თითქოს, ბრილიანტის ლიგაზე მეოთხე გამარჯვებასთან ახლოს იყო. მაგრამ ბოლო 20 მეტრზე მას ჯეკსონმა გადაასწრო. გამრჯვებულის დროა 10.73 წამი, მესამეზე სპილოს ძვლის კუნძულელი მარი-ჟოზე ტა ლუ (10.78) გავიდა.

„ბევრი გარჯაა საჭირო შელი-ენის დასამარცხებლად. მისი ჯობნა ძალიან ძნელია. მაგრამ მე ყველაფერი კარგად გავაკეთე. შესაძლოა, ეს ჩემი ყველაზე უნაკლო გამოსვლა არ იყო, მაგრამ ბოლოსკენ ყველაფერი გამოვიდა“, - განაცხადა ჯეკსონმა, ვინც ამ სეზონში მეხუთედ ავიდა ბრილიანტის ლიგის შეხვედრის კვარცხლბეკზე.

ფრეიზერ-პრაისმა განაცხადა, რომ ჯერ საკუთარ სხეულს მოუსმენს და მერე გადაწყვეტს, გამოვიდეს თუ არა ციურიხში, სადაც ბრილიანტის ლიგის ფინალი გაიმართება.

მსოფლიო რეკორდსმენმა დუპლანტისმა, ვინც ამ სეზონში, ბრილიანტის ლიგის ექვსი შეხვედრა მოიგო, 5.91 მეტრზე გადახტომაც კი ვერ შეძლო. ამით ისარგებლა ფილიპინელმა ერნესტ ჯონ ობიენამ და გამრჯვება ჩაიწერა. დუპლანტისი კი გაოცებას ვერ მალავდა, როორ ვერ შეძლო მისთვის იოლი ნახტომის შესრულება. თავის ბოლო ცდაზე ის თამასას კი გადაევლო, მაგრამ ვარდინისას შეეხო და ჩამოაგდო. არადა, ეს სიმაღლე, მის რეკორდზე 30 სანტიმეტრით დაბლაა...

„ადამიანი ვარ და შეცდომები მეც მომდის. დღეს რამდენიმე შეცდომა დავუშვი. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ გამორბენისას სასურველ ტემპს ვერ მივაღწიე“, - განაცხადა დუპლანტისმა.

მამაკაცთა 200 მეტრზე სპრინტში გამარჯვება ამერიკელმა ერიონ ნაითონმა მოიპოვა. მას კონკურენცია დომინიკელმა ალექსანდერ ოგანდომ გაუწია, მაგრამ ახალგაზრდა ამერიკელი შეუდარებელი იყო. ეს მისთვის პირველი გამარჯვებაა ბრილიანტის ლიგაზე. მეორეზე ოგანდო გავიდა, მესამე კი კანადელი აარონ ბრაუნი იყო.

ქალთა შორის შუბის ტყორცნაში ვეტერანმა ამერიკელმა, კარა ვინგერმა გაიმარჯვა, ვისი ნატყორცნი შუბიც 68.11 მეტრზე გაფრინდა. ეს კი სეზონის საუკეთესო შედეგია. 36 წლის ათლეტი ამ სეზონის ბოლოს, კარიერას დაასრულებს.

0.137646