ფეხბურთი

2:27 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარა მორცხვია, მაგრამ მოედანზე სხვა დამოკიდებულებას ავლენს"
"მისგან მეტს ველით, ყველაფერი აქვს ტოპფეხბურთელობისთვის"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ხვიჩასგან ასეთი სტარტი არ უკვირს. მისი განცხადებით, ქართველი მორცხვი ბიჭია, რომელიც მოედანზე სულ სხვა დამოკიდებულებას ავლენს.

აღსანიშნავია, რომ სპალეტიმ ხვიჩას შესახებ პრესკონფერენციაზე, აგრეთვე, ტელეკომპანია DAZN-ისა და Sky Sport-ის პირდაპირ ეთერში ილაპარაკა.

„შეიძლება უფრო მსუბუქად ითამაშოს, ის გოლი რომ გაეტანა, ცარიელ კარში... მსგავს მომენტში ის 10-ჯერ თუ მიიღებს ბურთს, 10-ჯერ გაიტანს, მაგრამ მაინც კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან სწორ პოზიციას ირჩევდა. გოლის მომენტში ძალიან კარგად გაიხსნა, საჭირო დროს გამოჩნდა იმ წერტილში, თუმცა, ჩვენ მისგან მეტსაც ველით. კვარა ინტროვერტია! ის რუსეთშიც თამაშობდა, მაგრამ როცა სხვა ქვეყანაში გადადიხარ, ადაპტაცია საჭიროა.

რა შეიცვალა ჩვენს თამაშში მასთან ერთად? კვარა ინსინიესგან განსხვავდება. ის უფრო ერთ-ერთზე მოთამაშეა, შეუძლია მეტოქის მოტყუება და ხარისხი აქვს. ძალიან ტექნიკურია და გამოცდილება უნდა მიიღოს. ძალიან საყვარელი, ძალიან კარგი ბიჭია, რომელსაც არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, რადგან მორცხვია, თუმცა მოედანზე პასუხისმგებლობით გადის და აჩვენებს თავის ნიჭსა და თვისებებს. ტოპ ფეხბურთელის თვისებები აქვს.

მისი ასეთი სტარტი არ მიკვირს, უფრო მეტიც, ის გამიკვირდა, რომ ცარიელ კარში ვერ გაიტანა, რადგან ძალიან ტექნიკურია. როგორც ვთქვი, მორცხვი ბიჭია, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს, მაგრამ მოედანზე სულ სხვა დამოკიდებულება აქვს“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 11 ქულით სერია A-ს „მილანთან“ ერთად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 7 სექტემბერს „ლივერპულთან“ გამართავს და კვარაცხელიას დებიუტს ჩემპიონთა ლიგაზე ველოდებით. იტალიის ჩემპიონატში კი ნეაპოლელები 10 სექტემბერს, „სპეციას“ უმასპინძლებენ. ხვიჩა კვარაცხელიამ ხუთ ტურში 4 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა და ბომბარდირთა დავაში დუშან ვლაჰოვიჩთან და ტეუნ კუპმაინერსთან ერთად ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118946