ავტოსპორტი

0:19 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვერსტაპენმა საშინაო რბოლის კვალიფიკაცია მოიგო

მაქს ფერსტაპენმა, ზანდფოორტის გადაჭედილი და ნარინჯისფრად გაფერადებული ტრიბუნის წინაშე, ჰოლანდიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და კვირის რბოლაზე სტარტს პირველი პოზიციიდან აიღებს. მან სულ რაღაც 0.021 წამით აჯობა მონაკოელ შარლ ლეკლერს.

პოულისგან არც ისე შორს დარჩა კარლოს საინსიც, ვინც ჩემპიონთან 0.1 წამზე ნაკლები დათმო და მესამე ადგილს დასჯერდა. სტარტზე მის გვერდით დადგება ლუის ჰამილტონი, რომელმაც სერხიო პერესი ჩამოიტოვა. მექსიკელმა ბოლო ცდაზე შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ, „მერსედესის“ პილოტების სენდვიჩში მოექცა. სტარტზე მას გვერდს სამქიმიანების ჯორჯ რასელი დაუმშვენებს.

საინტერესოა, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, ბოლო ცდაზე პოულის შანსი ჰქონდა, მაგრამ ყვითელი გამაფრთხილებელი ალმების გამო, ტემპის დაგდებამ მოუწია.

ფერსტაპენისთვის ეს ამ სეზონში მეოთხე პოულია და პირველი მას შემდეგ, რაც ავსტრიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია მოიგო. მან განაცხადა, რომ „რედ ბულისთვის“ პრაქტიკებმა რთულად ჩაიარა, მაგრამ გუნდმა კარგად იმუშავა და მისი პოულიც შესაძლებელი გახადა. მას გასული 14 რბოლიდან, ცხრა აქვს მოგებული. მათგან ბოლო სამი ზედიზედ. და ჩემპიონატში 98 ქულას უგებს მესამეზე მყოფ ლეკლერს.

აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციის მესამე ნაწილის პირველი ცდის შემდეგ, „ფერარის“ პილოტს საუკეთესო დრო ჰქონდა და ფერსტაპენს 0.059 წამს უგებდა. მესამე კი ჰამილტონი იყო. ლეკლერმა თავისი დრო მეორე ცდაზე გააუმჯობესა. მაგრამ ეს პოულის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. მან განაცხადა, რომ მეორე ცდაზე, მე-10 მოსახვევის გავლისას, შეცდომა დაუშვა, რამაც პოული წააგებინა.

საინტერესოა, რომ სანამ ყვითელი ალმები აფრიალდებოდა, ჰამილტონს ფერსტაპენზე უკეთესი გრაფიკი ჰქონდა, მაგრამ პერესის შეცდომამ (რასაც ყვითელი ალმები მოჰყვა), საქმის ბოლომდე მიყვანაში ხელი შეუშალა.

რბოლა მერვე შედეგით დაასრულა მიკ შუმახერმა, ვისი მომავალიც ფორმულა 1-ში ჯერ გაურკვეველია.

კვალიფიკაციის მეორე ნაწილი მცირე ხნით შეწყდა. ამის მიზეზი გახდა მაშხალა, რომელიც ტრიბუნდან პირდაპი ტრასაზე დაეცა. როგორც გაირკვა, ამ ინციდენტის ავტორი, უსაფრთხოების სამსახურმა ტრიბუნიდან გააძევა. და ამით ყველაფერი არ დასრულებულა - ტრასას მტრედებმა „შეუტიეს“. თუმცა ისინც მალე „გააძევეს“ პერიმეტრიდან.

ჰოლანდიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1'10.342
  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.021
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.092
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.306
  5. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.735
  6. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.805
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.832
  8. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1.100
  9. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 2.214
  10. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) -
  11. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.170
  12. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.263
  13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.271
  14. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1.362
  15. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 1.460
  16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.619
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1.699
  18. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.739
  19. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 2.049
  20. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 3.011
0.137186