„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ლუკა ლოჩოშვილზეც გააკეთა კომენტარი.
ქართველმა ფეხბურთელმა მილანის „ინტერთან“ ბოლო შეხვედრაში თავზე მცირე დაზიანება მიიღო, მაგრამ როგორც ალვინიმ აღნიშნა, დიდი ალბათობით, ლუკა ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.
„გუნდში მთლიანობაში კარგი ვითარებაა, განსაკუთრებული პრობლემები არ გვაქვს. გარკვეული ეჭვი გვაქვს ლოჩოშვილზე, რომელმაც „ინტერთან“ მატჩში წარბის იმავე ადგილზე მიიღო დარტყმა, რომელიც აწუხებდა, მაგრამ ვფიქრობ, ის თამაშს შეძლებს“, - აღნიშნა ალვინიმ.
შეგახსენებთ, „კრემონეზემ“ საწყის ოთხ ტურში ქულაც ვერ მოიპოვა, ხოლო ლოჩოშვილმა ორი მატჩი ჩაატარა ამ სეზონში („რომასა“ და „ინტერთან“), „სასუოლოსთან“ თამაში კი 4 სექტემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.