საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გოგა ბითაძემ დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ჯერ არ იცის დაზიანებული ფეხის მდგომარეობა, მაგრამ თუ თამაშის შანსი ექნება, პარკეტზე აუცილებლად გავა.
„რთულია ამაზე საუბარი, ვნახოთ ხვალ როგორ იქნება ფეხი. მაქსიმალურად გამოვიყენებ ამ დროს და მცირედი შანსი მაინც თუ იქნება, აუცილებლად ვითამაშებ.
ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, ვიმსახურებდით ამ თამაშის მოგებას, თუმცა რას ვიზამთ. არაფერი ამით არ მთავრდება, წინ ოთხი თამაშია, ყველა მატჩის მოსაგებად გავდივართ მოედანზე და დარწმუნებული ვარ, ჯგუფიდან გავალთ. მგონია, რომ ყველა გუნდი ძალიან სახიფათოა, ყველას შეუძლია მოგება და მათ შორის, ჩვენც, ქართველ გულშემატკივართან ერთად.
მწვრთნელი ყოველთვის მართალია, რაც გვითხრა, არ შევასრულეთ ის დავალება, თუ ის ასე ფიქრობს, ასეც არის. ვიმუშავებთ, დღეს უკვე გავიარეთ რაღაცები, ხვალაც გავივლით და შეხვედრისთვის მზად ვიქნებით“, - თქვა ბითაძემ.
ქართველი კალათბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა ეროვნული ნაკრების ექიმმა თემურ ხვედელიძემ:
„ჩაუტარდა კვლევები, სადაც გამოიკვეთა დაბეჟილობა. სერიოზულ ტრავმას გადავრჩით, რაც ძალიან კარგია. შაბათს შუადღით, დინამიკიდან გადაწყდება ითამაშებს თუ არა. თვითონ გოგა არის ძალიან შემართებით და იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. დიახ, მსგავსი ტრავმის ბევრი შემთხვევაა, მაგრამ თვითონ ტრავმა იყო ისეთ ადგილზე, რომ ტკივილის აღქმა მეტი იყო. თუმცა, პროგნოზი კარგია“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ესპანეთს 3 სექტემბერს, 21:00 საათზე დაუპირისპირდება.