ვუელტა ესპანიას მე-13 ეტაპი დანიელმა მადს პედერსენმა სპრინტერულ ბრძოლაში მოიგო. ქულების ჩათვლის ლიდერმა ფინიშთან ფრანგ ბრაიან კოქარდს და გერმანელ პასკალ აკერმანს მიასწრო. პედერსენისთვის ეს მიმდინარე ველომარათონზე მოპოვებული პირველი გამარჯვებაა.
„ჩვენმა ბიჭებმა მთელი დღე კარგად იბრძოლეს. ყველა ყურადღებით იყო და შეწყობილად მუშაობდა. ფინალიც შესაფერისი მივიღეთ. მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს, გამარჯვებასაც მივაღწიე. ბიჭებსაც ასე გადავუხადე მადლობა მათი გარჯისთვის. ჩვენი მიზანი ეტაპზე გამარჯვება იყო. ახლა კი ბრძოლას გავაგრძელებთ და ერთით მეტის მიღწევას ვეცდებით“, - განაცხადა პედერსენმა, ვინც მსოფლიოს ყოფილი (2019 წლის) ჩემპიონია.
რბოლის ლიდერმა რემკო ევენპოელმა, ვისაც წინა ეტაპზე თავგადასავალი გადახდა, ადვილად შეინარჩუნა თავისი უპირატესობა. მან და მისმა მეტოქეებმა, ფინიშის ხაზი პელოტონთან ერთად გადაკვეთეს.
სტარტამდე ცნობილი გახდა, რომ ესპანელ ხუან აიუსოს კოვიდ-19 აღმოაჩნდა. მაგრამ მის გუნდ „UAE ტიმ ემირატსის“ განცხადებით, ის რბოლას გააგრძელებს, რადგან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ვირუსის სხვისთვის გადადების შანსი უკიდურესად მცირეა. ამით უკმაყოფილო დარჩა კიდევ ერთი ესპანელი, ხოსე ერადა, ვისაც ასევე კოვიდის გამო მოუწია რბოლის დატოვება.