ფეხბურთი

19:55 | 2.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბორდოს" დირექტორი: "დავითაშვილის ტრანსფერი მწვრთნელმა მოითხოვა, ის ძალიან დაგვეხმარება"

„ბორდოს“ სპორტულმა დირექტორმა ადმარ ლოპესმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც სატრანსფერო ფანჯარას ეხებოდა, ზურიკო დავითაშვილზეც ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ქართველი ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელია, რომლის სტილის მსგავსი „ბორდოს“ აკლდა. ლოპესმა აღნიშნა, რომ ზურიკოს ტრანსფერი მთავარი მწვრთნელის მოთხოვნა იყო.

„დავითაშვილი კონკრეტული პროფილის მოთამაშეა, ის მწვრთნელის მოთხოვნით დავიმატეთ. მისი სტილის ფეხბურთელი არ გვყავდა, ძალიან დიდი ხანი ვაკვირდებოდით და ვფიქრობთ, რომ ფრანგულ ფეხბურთსა და ლიგა 2-ში დამკვიდრდება. მას შეუძლია მარჯვენა გარემარბად და ასევე ათიანის პოზიციაზე თამაში. შეუძლია დრიბლინგის, ბოლო პასისა და ჩაწოდებების გაკეთება. ის განსხვავებული მოთამაშეა თავისი სისწრაფით და ძალიან დაგვეხმარება“, - თქვა სპორტულმა დირექტორმა ადმარ ლოპესმა.

„ბორდო“ ისტორიული ფრანგული კლუბია, საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონი, მაგრამ გასულ სეზონში ლიგა 1-დან გავარდა, შესაბამისად, ამჟამად ლიგა 2-ში თამაშობს, სადაც 6 ტურის შემდეგ 11 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს შეხვედრას კი სტუმრად „პარიზთან“ 3 სექტემბერს გამართავს.

ზურიკო დავითაშვილი "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, შემდეგ მან თბილისის "ლოკომოტივში", ყაზანის "რუბინში", ვოლგოგრადის "როტორსა" და ტულას "არსენალში" ითამაშა, ხოლო მიმდინარე წლის აპრილიდან "დინამო ბათუმის" წევრი იყო, რომლის რიგებში 18 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო. საქართველოს ნაკრებში 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 19 მატჩი და 3 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12484