ფეხბურთი

19:20 | 2.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი "ბორდოს" ფეხბურთელია (+VIDEO)

„ბორდომ“ სახელფასო ბიუჯეტის ზღვარის პრობლემები მოაგვარა და ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ქართველი ფეხბურთელი ჟირონდელებს ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდა. მან გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა კიდეც. 21 წლის დავითაშვილი ფრანგულ გუნდში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ბორდო“ ისტორიული ფრანგული კლუბია, საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონი, მაგრამ გასულ სეზონში ლიგა 1-დან გავარდა, შესაბამისად, ამჟამად ლიგა 2-ში თამაშობს, სადაც 6 ტურის შემდეგ 11 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს შეხვედრას კი სტუმრად „პარიზთან“ 3 სექტემბერს გამართავს.

ზურიკო დავითაშვილი "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, შემდეგ მან თბილისის "ლოკომოტივში", ყაზანის "რუბინში", ვოლგოგრადის "როტორსა" და ტულას "არსენალში" ითამაშა, ხოლო მიმდინარე წლის აპრილიდან "დინამო ბათუმის" წევრი იყო, რომლის რიგებში 18 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო. საქართველოს ნაკრებში 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 19 მატჩი და 3 გოლია.

0.13609