ფეხბურთი

17:39 | 2.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარაცხელიას ჩვენს ფეხბურთთან ადაპტაციისთვის დრო სჭირდება"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, არაფერია უცნაური იმაში, რომ ბოლო ორ მატჩში ხვიჩა ისე ვერ ბრწყინავდა, როგორც სასტარტო ორ ტურში.

„კვარა ძლიერია ერთი-ერთზე თამაშში, თუ მეტოქის განაპირა მცველს შეუტევს, მისი მოტყუება შეუძლია და ფეხბურთი თუ მეტოქეს მოატყუებ, ეს უკვე უპირატესობაა, მაგრამ ფეხბურთი დღეს ძალიან ფიზიკური და ძალისმიერიცაა.

ნორმალურია, რომ მან ისე ვერ ითამაშა ბოლო მატჩები, როგორც დასაწყისში. ეს დამოკიდებულია მეტოქის სიძლიერესა და იმ მომენტში არსებულ მდგომარეობაზეც. ის არის ბიჭი, რომელიც სხვა ქვეყნიდანაა და განსხვავებულ ფეხბურთსაა მიჩვეული, ამიტომაც, ჩვენს ფეხბურთთან შესაგუებლად დრო და ადაპტაცია სჭირდება. შესაძლოა, ადაპტაციისთვის მეტ ენერგიას წვავს და რაღაცები აკლია, მაგრამ ეს არის პერიოდი, რომელიც უნდა გავიაროთ და ყველაფერი რიგზე იქნება“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ლაციოსა“ და „ნაპოლის“ მატჩი 3 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება და კვარაცხელია სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. ქართველი შემტევი იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

0.121716