სხვა

4:59 | 2.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევენპოელი დაეცა, მაგრამ ლიდერობა შეინარჩუნა

ვუელტას მე-12 ეტაპი მისი ლიდერისთვის, ბელგიელი რემკო ევენპოელისთვის ლამის საბედისწერო გამოდგა. ფინიშამდე 45 კილომეტრით ადრე ის დაეცა, მაგრამ დაჟეჟილობების და ჭრილობების მიუხედავად, ველოსიპედზე მაინც დაჯდა და რბოლა გააგრძელა.

რბოლა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ეკვადორელმა რიჩარდ კარაპასმა (ფოტოზე) მოიგო, ვინც ბოლო აღმართი მარტომ გადალახა. ჯირო დ’იტალიას 2019 წლის ჩემპიონმა შეტევა ფინიშამდე 2 კილომეტრით ადრე დაიწყო და ბოლომდე შეინარჩუნა უპირატესობა. ის პირველი ეკვადორელია, ვინც ვუელტას ეტაპის მოგება შეძლო. ამასთან, „ინეოს გრენადერსის“ მრბოლმა კარიერაში პირველად მოახერხა ესპანური ველომარათონის ეტაპზე გამარჯვება. სულ კი ეს მისთვის დიდ ტურებზე მოგებული მეოთხე რბოლაა.

„ჩვენ მხოლოდ ეტაპის მოგებაზე ვიყავით ფოკუსირებული. ძალიან მიხარია, რომ ეს შევძელი. ვიცოდი, რომ შეტევა შემეძლო და შანსი ხელიდან არ გავუშვი. ეს უნდა აღვნიშნო“, - განცხადა კარაპასმა.

ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა ჰოლანდიელმა ვილკო კელდერმანმა, ვინც გამარჯვებულს ცხრა წამით ჩამორჩა. მესამე ადგილი კი, კარაპასთან 24-წამიანი ჩამორჩენით, ესპანელმა მარკ სოლერმა დაიკავა.

ევენპოელმა წაქცევის შემდეგ ველოსიპედი გამოცვალა. ის ამბობს, რომ მოსახვევში, სადაც დაეცა, გზა სრიალა იყო. იმ ადგილზე წინ მიმავალი გამყოლი მოტოციკლი მოსრიალდა, რის გამოც, მან მოსახვევის მოჭრა სცადა და ამიტომაც დაეცა. მომხდარის მიუხედავად, ლიდერი თავს კარგად გრძნობს და ამბობს, რომ ეს მის სისწრაფეზე უარყოფითად არ აისახება. მას მარჯვენა ფეხი აქვს დაზიანებული. ტრავმის მიუხედავად, მან რამდენჯერმე შეძლო მთავარი მეტოქის, ვუელტას სამგზის ჩემპიონის, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩის შეტევების მოგერიება.

12 ეტაპის შემდეგ, ევენპოელი როგლიჩს 2 წუთს და 41 წამს უგებს. ესპანელი ერიკ მასი კი სამ წუთზე მეტით ჩამორჩება. 22 წლის ბელგიელი ლიდერის წითელ მაისურს მეექვსე ეტაპიდან ფლობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118996