ჩოგბურთი

2:18 | 2.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერენას წასვლა გადაიდო - ის მესამე წრეში გავიდა

სერენა უილიამსის კარიერის დასრულება მცირე ხნით გადაიდო - აშშ-ის ღია პირველის მეორე წრეში მან მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესტონელი ანეტ კონტავეიტი 7-6(4), 2-6, 6-2 დაამარცხა. უილიამსი ისე თამაშობდა, როგორც მსოფლიოს პირველი ჩოგანი და არა ჩოგბურთელი, რომელიც რეიტინგში ტოპ 600-ის მიღმაა და ტურნირზე სპეციალური მიწვევით თამაშობს.

მესამე წრეში 40 წლის ამერიკელს მეტოქედ ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი ეყოლება, ვინც რუსი ევგენია როდინა 1-6, 6-2, 7-5 დაამარცხა. სავარაუდოდ, აშშ-ის ღია სერენას კარიერაში ბოლო ტურნირი იქნება და მასზე წაგება, კარიერის დასრულებას ნიშნავს. მას კი, დიდი სლემის 24-ე ტიტულის მოპოვება სურს.

„მე საკმაოდ კარგი ჩოგბურთელი ვარ. ეს ისაა, რასაც ყველაზე კარგად ვაკეთებ. მე მიყვარს გამოწვევები. აქ, ნიუ იორკში ბოლო თამაშები გამომდის. ახლა სუპერ კონკურენტუნარიანი ვარ. დასამტკიცებელი არაფერი დამრჩენია“, - ამბობს უილიამსი, ვინც ქალთა წყვილებში თავის უფროს დასთან, ვენუს უილიამსთან ერთად თამაშობს.

კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ აშშ-ის ღია პირველობის მეშვიდე ტიტულის მოპოვება შეუძლია, სერენამ უპასუხა, რომ ის დღეს მხოლოდ დღევანდელ შეხვედრაზე ფიქრობდა და არა იმაზე, რა იქნება ხვალ.

„ამაზე წინასწარ ფიქრს არ ვაპირებ. მე მხოლოდ ვთამაშობ, ამით ვერთობი და სიამოვნებას ვღებულობ. ვგრძნობ, რომ კარგად ვვარჯიშობდი. მაგრამ შეხვედრებზე ეს არ აისახებოდა. ახლა კი ყველაფერი გამოდის“, - ამბობს სერენა, ვისაც მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში 319 კვირა აქვს გატარებული.

ნიუ იორკამდე სერენამ სამ ტურნირზე თამაში სცადა, მაგრამ მხოლოდ ერთი თამაში მოიგო. წელიწადზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც მან ზედიზედ ორი თამაშის მოგება შეძლო. აშშ-ის მიმდინარე ღია პირველობაზე კი ეს გამოუვიდა. თან მსოფლიოს მეორ ჩოგანი დაამარცხა, რომლის თამაში სწორედ ჰარდს მიესადაგება. კონტავეიტს კარიერაში სულ ექვსი ტურნირი აქვს მოგებული, რომელთაგან ხუთი ჰარდზე იმართება.

სერენამ პირველ ბრეიკს პირველი სეტის მეცხრე გეიმში მიაღწია და 5-4 დაწინაურდა. კონტავეიტმა იქვე გასცა პასუხი და სეტი ტაიბრეიკზე გადავიდა. აქ კი ამერიკელმა 7-4 იმარჯვა. ამან ესტონელი ვერ შეაშინა და მომდევნო სეტი ორი ბრეიკით მოიგო. მაგრამ სერენამ ფანების მხურვალე მხარდაჭერით, გადამწყვეტი სეტის დასაწყისშივე 4-1 უპირატესობას მიაღწია და ის ხელიდან აღარც გაუშვა.

0.110455