საქართველოს ეროვნული ლიგის 24-ე ტური ორი მატჩით დასრულდა, რომელშიც „დინამო ბათუმმა“ და „დინამო თბილისმა“ იოლად მოიგეს.
მოქმედმა ჩემპიონმა „თელავს“ უმასპინძლა და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში მათე ვაწაძემ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში ირაკლი ბიძინაშვილმა, ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი ფანცულაიამ სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური გახადეს. „დინამო ბათუმს“ 57 ქულა აქვს და წინ „სამგურალთან“ თამაში ელოდება.
„დინამო თბილისმა“ „ლოკომოტივთან“ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, როცა ულად-ომარ იმრანმა და სტანისლავ ბილენკიმ დუბლი შეასრულეს. საბოლოო ანგარიში ბოლო წუთზე გიორგი გაბედავამ დააფიქსირა. „დინამო თბილისი“ შესანიშნავ ფორმაშია და სეზონის განახლების შემდეგ ყველა მატჩი მოიგო, მაგრამ ლიდერ „დინამო ბათუმს“ ჯერ მაინც 7 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი „თელავს“ დაუპირისპირდება.
„დინამო ბათუმი“ – „თელავი“ 4:0 (1:0)
გოლები: 1:0 ვაწაძე (39), 2:0 ბიძინაშვილი (69), 3:0 ჯიღაური (72), 4:0 ფანცულაია (90)
„დინამო თბილისი“ – „ლოკომოტივი“ 5:0 (4:0)
გოლები: 1:0 იმრანი (17), 2:0 იმრანი (32), 3:0 ბილენკი (35), 4:0 ბილენკი (39), 5:0 გაბედავა (83)