კალათბურთი

23:20 | 1.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული მარცხი და ბითაძის ტრავმა ევრობასკეტის პირველ მატჩში

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის A ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში მარცხი განიცადა.

ილიას ზუროსის გუნდმა ბელგიის ნაკრებს „თბილისი არენაზე“ უმასპინძლა და ძალზე დრამატულ ბრძოლაში, ოვერტაიმში 76:79 დამარცხდა.

ძალიან მძიმე და დრამატული თამაში გამოდგა, რომლის ბედი ოვერტაიმში ბოლო წამებზე გადაწყდა. საქართველოს ნაკრები თითქმის მთელი თამაში აგებდა. პირველი პერიოდის დასაწყისიდან, როცა მასპინძლები 11:9 დაწინაურდნენ, მეოთხე პერიოდის მიწურულამდე ანგარიშში წინ მუდმივად ბელგია იყო. ნავსი მეოთხე მეოთხედის ბოლოსკენ გატყდა, როცა სანდრო მამუკელაშვილმა, თად მაკფადენმა და დუდა სანაძემ ზედიზედ ჩააგდეს და საქართველომ 12:0 გაქცევა მოაწყო, შედეგად 67:62 დაწინაურდა.

მატჩის ბოლომდე ბევრი არაფერი რჩებოდა, მაგრამ ბელგიელებმა უქულო, თითქმის 3-წუთიანი სერია ზუსტი სამქულიანით შეწყვიტეს და ეს გარდამტეხი გამოდგა. საბოლოოდ, ძირითადი დრო 70:70 დასრულდა და დამატებითი 5-წუთეული დაინიშნა, სადაც პირველი ორი ქულა მამუკელაშვილის აქტივში იყო, მაგრამ მერე ყველაფერი ბელგიის სასარგებლოდ წარიმართა. საფინალო სასტვენამდე 3 წამი რჩებოდა, როცა ანგარიში 76:76 იყო და სწორედ მაშინ ბელგიელმა ჯონათან ტაბუმ 3-ქულიანი ჩააგდო. საქართველოს ნაკრებმა კი დარჩენილ დროში შედეგიანი შეტევა ვერ განახორციელა.

დრამატული წაგება წაგებად და გოგა ბითაძემ მეოთხე პერიოდის მიწურულს ტრავმა მიიღო. მართალია, მოედანზე მალევე დაბრუნდა, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ შესაცვლელი გახდა. ჯერ უცნობია ტრავმის ხარისხი, თუმცა, ერთი შეხედვით ოპტიმიზმის საფუძველი დიდი არ არის.

საქართველოს ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილმა ულიდერა, რომელმაც 18 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, თად მაკფადენმა კი 17 ქულა და 6 პასი დააგროვა. შესანიშნავი თამაში ჰქონდა გოგა ბითაძესაც, რომელმაც 14 ქულა, 9 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. რომ არა ტრავმა, ცხადია გოგას მონაგარი გაცილებით კარგი იქნებოდა... ზუროსის გუნდის სხვა კალათბურთელები 10-ქულიან ზღვარს ვერ გადასცდნენ.

ბელგიის ნაკრებიდან ჟან-მარკ მვემა და ჯონათან ტაბუ გამოირჩნენ 14-14 ქულით, ემანუელ ლეკომტემ 10, ხოლო ისმაელ ბაკომ 11 ქულა მიითვალა.

საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 3 სექტემბერს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და მატჩი ისევ 21:00 საათზე გაიმართება. იმავე დღეს მონტენეგრო ბელგიას და ბულგარეთი თურქეთს შეხვდება.

ბელგია - საქართველო 79:76 ო.ტ (16:11, 22:21, 20:19, 12:19, 9:6)

სტატისტიკა სრულად...

0.153198