ფეხბურთი

19:08 | 1.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" იმერული დერბი ლევან მჭედლიძის ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის განახლებას ქუთაისის „ტორპედო“ შესანიშნავ ფორმაში შეხვდა და კახა ჩხეტიანის გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

„ტორპედომ“ იმერულ დერბიში „სამგურალს“ უმასპინძლა და ძალზე დრამატულ ბრძოლაში მოიგო. „სამგურალი“ ორჯერ იგებდა, მაგრამ საბოლოოდ შინ უქულოდ დაბრუნება მოუწია. ანგარიში დასაწყისშივე ირაკლი რუხაძემ გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს გიული მანჯგალაძემ უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. 74-ე წუთზე გიორგი მიქაძის გუნდი ომარ პატარკაციშვილის გოლით მეორედ დაწინაურდა და მოგებასთან ძალიან ახლოს იყო.

წყალტუბოელები 90-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ ორ წუთში ორჯერ გაუშვეს და წააგეს. ჯერ თორნიკე ახვლედიანმა გაათანაბრა ანგარიში, მერე კი მატჩის გმირი ლევან მჭედლიძე გახდა, რომელმაც აკაკი შულაიას ჩაწოდებულ ბურთზე ყველას დაასწრო და თავური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

ქუთაისის „ტორპედომ“ 34 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „გაგრას“ შეხვდება. „სამგურალი“ 39 ქულით მესამე ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ მოუგებელი სერია აქვს და კონკურენტები უახლოვდებიან. მიქაძის გუნდი მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ შეხვდება.

დღესვე „სიონისა“ და „გაგრას“ შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ისინი სატურნირო ცხრილში შესაბამისად 26 და 25 ქულით მეზობლები არიან: მერვე-მეცხრე ადგილებს იკავებენ.

„ტორპედო“ – „სამგურალი“ 3:2 (1:1)

გოლები: 0:1 რუხაძე (12), 1:1 მანჯგალაძე (45), 1:2 პატარკაციშვილი (74), 2:2 ახვლედიანი (89), 3:2 მჭედლიძე (90)

„სიონი“ – „გაგრა“ 0:0 (0:0)

0.123003