ვუელტას მე-11 ეტაპი, რომელსაც სპრინტერული ფინიში ჰქონდა, ავსტრალიელმა კეიდენ გროვსმა მოიგო. ველომარათონს კი საგზაო რბოლაში მსოფლიო ჩემპიონი, რბოლის ლიდერ რემკო ევენპოელის მთავარი დამხმარე, ფრანგი ჟულიან ალაფილიპი გამოეთიშა, რომელიც ერთ-ერთ მოსახვევში დაეცა.
ალაფილიპი მალევე ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, მას ლავიწის ძვალი აქვს დაზიანებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მსოფლიო ჩემპიონტზე ასპარეზობას და შესაბამისად, ტიტულის დასაცავად ბრძოლას ვერ შეძლებს.
რბოლას ასევე გამოეთიშა გროვსის გუნდ „ბაიკ-ექსჩეინჯის“ ლიდერი, ბრიტანელი საიმონ იეიტსი, ვისაც კოვიდ-19 აღმოაჩნდა. გროვსმა გამრჯვება პოზიციის კარგად შერჩევის წყალობით მოიპოვა. ის ფინიშამდე 50 მეტრით ადრე დაწინაურდა და წინ აღარავინ გაუშვა. მეორე და მესამე ადგილები, ჰოლანდიელმა დანიელ ვან პოპელმა და ბელგიელმა ტიმ მერლიემ დაიკავეს.
„როცა გავიგეთ, რომ საიმონს ვირუსი აქვს, ყველა გაწბილებული ვიყავით. და ეს გამარჯვება, ასეთი ცუდი ამბის შემდეგ, საუკეთესო გაგრძელებაა. ბოლო 4 კილომეტრზე ბიჭებმა საუკეთესოდ იმუშავეს. მათი წყალობით მე სპრინტისთვის ძალა შემრჩა. ბედად, კარგი პოზიციის დაკავება შევძელი და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შევინარჩუნე“, - განაცხადა გროვსმა, ვისთვისაც ეს ველომარათონებზე მოპოვებული პირველი გამარჯვებაა.
რბოლა პელოტონთან ერთად დაასრულა ევენპოელმა, ვისაც ლიდერის წითელი მაისურის შენარჩუნება არ გასჭირვებია. ქულების კლასიფიკაციაში კი პირველ ადგილზე ისევ დანიელი მადს პედერსენია.