ჩოგბურთი

1:26 | 1.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ის ღია პირველობას ქალთა ჩემპიონი გამოეთიშა

ბრიტანელი ემა რადუკანუ, ვინც გასულ სეზონში, აშშ-ის ღია პირველობაზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა. ის ფრანგ ალის კორნესთან 6-3, 6-3 დამარცხდა.

არადა, შარშან რადუკანუმ ისტორია დაწერა - ის გახდა პირველი ჩოგბურეთელი, ვინც ძირითად ტურნირზე კვალიფიკაციით მოხვედრის შემდეგ, ყველა თამაში მოიგო, თანაც სეტის წაუგებლად და ჩემპიონი გახდა. მაგრამ ამჯერად 19 წლის ჩოგბურთელს, ჩემპიონის ტვირთი ამძიმებდა...

შარშან მოპოვებული გამარჯვებით, რადუკანუმ 2 040 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა, რომლებსაც ახლა კარგავს და 716-ღა დარჩება. ამის გამო, მე-11 პოზიციიდან, 70-ზე გადაინაცვლებს. თუმცა თავად ამაში პოზიტივსაც ხედავს - ის ამბობს, რომ ტვირთი მოეხსნა და ახლა უფრო თავისუფლად ითამაშებს და ასევე თავისუფლად დაგეგმავს თავის კარიერას.

„რა თქმა უნდა, გაწბილებული ვარ. ვწუხვარ, ტომ ტურნირს ასე მალე ვტოვებ. მაგრამ მიხარია ის, რომ ახლა ყველაფერს სუფთა ფურცლიდან დავიწყებ. რეიტინგში ჩამოვქვეითდები, მაგრამ ტვირთიც მომეხსნება“, - განაცხადა ბრიტანელმა, ვისაც პროფესიონალურ კარიერაში მხოლოდ ერთი ტურნირი აქვს მოგებული.

რადუკანუმ კორნესთან შეხვედრა კარგად დაიწყო - პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა და მეტოქის გეიმი მოიგო. მაგრამ გამოცდილმა ფრანგმა, ვინც დიდი სლემის ზედიზედ 63-ე ტურნირზე თამაშობს, მომდევნო გეიმშივე საპასუხო ბრეიკი აიღო. მეტოქეებმა ბრეიკები კიდევ გაცვალეს, მერვე გეიმში კი კორნემ კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის გეიმის მოგება და 5-3 დაწინაურდა. ამის შემდეგ, საკუთარ მოწოდებაზეც მოიგო და სეტებში 1-0 დაწინაურდა.

ეს რადუკანუსთვის ფლეშინგ მედოუსზე პირველი წაგებული სეტი იყო, რასაც მალე მეორეც მოყვა. სეტებს შორის მას ექიმის დახმარება დასჭირდა. მეორე სეტის დასაწყისში კი კორნემ კიდევ ერთ ბრეიკს მიაღწია. მაგრამ ამან რადუკანუ ვერ გატეხა. მან მაშინვე საპასუხო ბრეიკი აიღო, მეოთხე გეიმში ერთიც დაუმატა და 3-1 დაწინაურდა. თითქოს, მესამე სეტი გარდაუვალი ჩანდა. მაგრამ კორნემ მომდევნო ხუთი გეიმი მოიგო და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

0.113554