„კრემონეზემ“, რომლის რიგებში ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, იტალიის 21-წლამდე ნაკრების მეკარე მარკო კარნეზეკი დაიმატა.
ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. 22 წლის კარის დარაჯი კრემონელებს ბერგამოს „ატალანტადან“ იჯარით შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ კარნეზეკი „კრემონეზეში“ 2020 წლიდანაც თამაშობდა და 57 მატჩი ჩაატარა. სწორედ მან დიდი წვლილი შეიტანა გასულ სეზონში გუნდის წარმატებაში და სერია A-ში აღზევებაში.
მიმდინარე ზაფხულს მარკოს „ატალანტაში“ დაბრუნება მოუწია, რომელსაც ეკუთვნის მისი სატრანსფერო უფლებები, თუმცა სათამაშო დროის მისაღებად ახლა კრემონელებს დაუბრუნდა.
აღსანიშნავია, რომ „კრემონეზემ“ მანამდე „ინტერიდან“ იონუც რადუ ინათხოვრა, რომელმაც საწყის ოთხ ტურში ითამაშა, ახლა კი საინტერესოა რა არჩევანს გააკეთებს მასიმილიანო ალვინი და დაიბრუნებს თუ არა, სასტარტოში ადგილს კარნეზეკი, რომელსაც იტალიის 21-წლამდე ნაკრებში 18-ჯერ უთამაშია.