კალათბურთი

14:58 | 31.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზუროსი: "გახსნითი მატჩი ყველასთვის ძნელია, კარგი სტარტი გვჭირდება"

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევრობასკეტ 2022-ის დაწყებამდე 1 დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ბერძენმა სპეციალისტმა არაერთ თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდის მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლა და ბერლინში წასვლაა.

"მოხარულები ვართ, რომ თბილისში, ჩვენს ახალ დარბაზში ჯგუფურ ეტაპს ვმასპინძლობთ. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლა და ბერლინში წასვლაა. კარგ თამაშებს ველოდებით. ყველა მოთამაშეს ჯანმრთელობას ვუსურვებ. სამწუხაროდ ჩვენ არ გაგვიმართლა და ტრავმის გამო რამდენიმე დღის წინ კაპიტანი - თორნიკე შენგელია გამოგვაკლდა. კეთილი იყოს თქვენი საქართველოში ჩამობრძანება და ვიმედოვნებ, რომ თბილისი ევრობასკეთის ჯგუფს ღირსეულად უმასპინძლებს.

შენგელიას დანაკლისი ძალიან მტკივნეულია, რადგან ყოველ შეხვედრაში ის 30+ წუთს თამაშობდა და მთავარი მექულე იყო. გარდა ამისა, პასებშიც ძალიან პროდუქტიული გახლდათ. შენგელია ყველას ეხმარებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გაგვიმართლა. ახლა ჩვენ გვყავს შერმადინი და ცინცაძე, რომლებიც გამოცდილი მოთამაშეები არიან. წინა შეხვედრებისგან განსხვავებული გზით უნდა ვიაროთ და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო შეხვედრაში ვიპოვით იმ გზას, რომელზეც ყოველ ახალ შეხვედრას უკეთესად და უკეთესად ჩავატარებთ.

გოგა ბითაძეს ჩვენთან დიდი დრო არ უთამაშია, რადგან მას ტრავმა ჰქონდა, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ის ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება. ის ცდილობს თავის საუკეთესო შესაძლებლობები გამოავლინოს და დაეხმაროს გუნდს.

ჩვენ გუნდურად ვითამაშებთ, როგორც დაცვაში ასევე შეტევაში და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ძალა იტალიასთანაც გამოვავლინეთ. გვჭირდება, რომ უკეთესაც და უკეთესად ვითამაშოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ტურნირი, სადაც 7 დღეში 5 შეხვედრის ჩატარება გვიწევს. ჩვენ ყველა მოთამაშე გვჭირდება, რადგან მათ ყველამ თავისი წვლილი შეიტანონ. ამ ეტაპზე ყველა გუნდი ძლიერია და ყველა გუნდს შეუძლია ოპონენტს სიურპრიზი შესთავაზოს.

ტაქტიკა უკვე შევცავალეთ, რა თქმა უნდა იმას არ გეტყვით თუ რა შევცვალეთ. თუმცა, ყველა შეხვედრაში განსხვავებული ტაქტიკა გვექნება.

შენგელიას სახით მთავარი მექულე დავკარგეთ, რომელსაც როგორც ფარქვეშ ისე სამწამიანში კარგად თამაში შეეძლო, ასევე კარგი დრიბლინგი ჰქონდა. მის გარეშეც, სამწამიან ზონაში ყველამ იცის, რომ ძლიერები ვართ, რადგან ჩვენ გვყავს შერმადინი, მამუკელაშვილი, ბითაძე და ბურჯანაძე. შედარებით მეტი სამუშაო გვაქ პერიმეტრზე, მაგრამ იტალიასთან მატჩში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, რამაც პოზიიური მოლოდინი გააჩინა.

რაც შეეხება ბელგიას, ძალიან კარგი გუნდია, ძალიან სერიოზული, რომლითაც ჩვენ ვიწყებთ. იცით, რომ გახსნითი მატჩი ყველა ტურნირზე ძალიან ძნელია და ყველა გუნდს უჭირს თამაში, რადგან ეს დასაწყისია. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სწრაფი რეაქცია და კარგი სტარტი.

საქართველოში 7 წელია ვმუშაობ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ევრობასკეტის მასპინძლები ვართ. ამ მომენტს დიდი ხანი ველოდით. ამაზე - ფედერაცია, მოთამაშეები, მწვრთნელები დიდი ხანი ვოცნებობდით, რადგან მსგავსი დონის ივენთი თბილისში ჩატარებულიყო. მაშ ასე, წინ საქართველო. ხალხს არა მარტო ჩვენი გუნდი, არამედ კალათბურთი უყვარს და ველოდებით კარგ თამაშებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვიმედოვნებ მოთამაშეები ჯანმრთელები იქნებიან, რადგან მათ კარიერაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამ თამაშებს კარგი შედეგით ჩაატარებენ.

პირველ რიგში ჩვენი მიზანი ბერლინში წასვლაა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩემმა ცხოვრებამ და კარიერამ მასწავლმა, რომ ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იარო. ჩვენ სახლში ვთამაშობთ და გვჭირდება თამაშების მოგება ბერლინის საგზურის მოსაპოვებლად. რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბში პროფესიონალები მუშაობენ და დავაკვირდებით, შევისწავლით და მზად ვიქნებით პლეი-ოფის მეტოქისთვის. თუმცა, ახლა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლაა მნიშვნელოვანი, პირველ ყოვლისა კი ხვალინდელი თამაში", - განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი სტარტს ხვალ აიღებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას ბელგიის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

0.115089