ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მის გუნდს ნახევარმცველით გაძლიერება სჭირდება. თუმცა, გერმანელ სპეციალისტს დიდი იმედი არ აქვს, რომ დარჩენილ მცირე დროში ამ პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის დამატებას შეძლებენ.
„დიახ, ვცდილობთ ნახევარდაცვის გაძლიერებას, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდებით სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, მითუფრო ნაკლებ სავარაუდოა. ჩვენთვის შესაფერისი ვარიანტები ბაზარზე ცოტაა, თუმცა ჯერ კიდევ არის დრო. მიუხედავად იმისა, შევძლებთ თუ არა ნახევარმცველის დამატებას, როცა სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, ბედნიერი ვიქნები, რადგან მხოლოდ მოედანზე კონცენტრაცია შეგვეძლება“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, „ლივერპულმა“ პრემიერლიგის ოთხ ტურში 5 ქულა მოიპოვა. სტარტზე ვერმოგებული სამი მატჩის შემდეგ „წითლებმა“ ბოლო ტურში „ბორნმუთი“ 9:0 გაანადგურეს.