ბელგიელმა რემკო ევენპოელმა ვუელტაზე კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა. მიუხედავად იმისა, რომ მეცხრე, სამთო ეტაპი არ მოუგია, მან უახლოეს მდევრებთან, ესპანელ ენრიკ მასთან და ვუელტას სამგზის ჩემპიონ, სლოვენიელ პრიმოჟ როგლიჩთან უპირატესობა გაზარდა.
მეცხრე ეტაპი კი სამხრეთაფრიკელმა ლუის მეინტიესმა (ფოტოზე) მოიგო. ის იმ ათკაციან ჯგუფში იყო, რომელმაც ეტაპის ხუთიდან პირველივე სამთო მონაკვეთზე შეძლო დაწინაურება. საბოლოოდ, მან წუთით და 34 წამით აჯობა ევენპოელს. მეინტიესმა შეტევა ბოლო აღმართზე დაიწყო, რომლის სიგრძე 4 კილომეტრია, საშუალო დახრა კი - 12.5 პროცენტი.
ევენპოელმა საპასუხო შეტევა ფინიშამდე 2.5 კილომეტრით ადრე დაიწყო და მართალია, მეინტიესის დაწევა ვერ შეძლო, მაგრამ სამაგიეროდ, თავის კონკურენტებთან უპირატესობას ბლომად წამები დაამატა. ის ახლა უკვე წუთს და 12 წამს უგებს მეორეზე მყოფ მასს და წუთსა და 53 წამს - როგლიჩს.
„ყველაფერი კარგად გამომივიდა. საკმაოდ გამიმართლა, ჩემი თანაგუნდელები ყველაფერს აკონტროლებდნენ. მე ერთხელ ვცადე შეტევა და ეს შესაფერის დროს გავაკეთე. მოკლედ, კარგი გუნდური ბრძოლა იყო“, - განაცხადა მეინტიესმა.
ევენპოელს კარგი დახმარება გაუწია მისმა უფროსმა თანაგუნდელმა, საგზაო რბოლაში მსოფლიოს ფრანგმა ჩემპიონმა ჟულიან ალაფილიპმა, ვინც მეტოქეებისგან შეტევების ყველა მცდელობას პასუხობდა და 22 წლის ბელგიელს წინ მიუძღოდა. ასე „დასვენებულ“ ევენპოელს ბოლო აღმართზე შეტევის საშუალება მიეცა და მან ეს შანსი კარგად გამოიყენა.
„ძალიან დაღლილი ვიყავი. მაგრამ როცა ფეხებში ტკივილს ვგრძნობ, მაშინ ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველა დაღლილია. ასეთი დახრების დროს ძალაა საჭირო და მე ამისთვის ეს ორი წელი ბევრი ვიმუშავე. ახლა სულ სხვა პიროვნება ვარ“, - განაცხადა ევენპოელმა. ის ყოფილი ფეხბურთელია. ორი წლის წინთ, იტალიაში რბოლისას, ხრამში გადავარდა, რა დროსაც თეძოს ძვალი დაუზიანდა. მძიმე ტრავმის მოშუშებას და ძალების აღდგენას კი ორი წელი მოანდომა.
ვუელტას მონაწილეებს მე-10 ეტაპზე დროზე ინდივიდუალური რბოლა აქვთ, რომელზეც ევენპოელს ლიდერობის კიდევ უფრო განმტკიცების შანსი ექნება.