ფეხბურთი

3:18 | 30.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

იან ობლაკი: "მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და ყველაფერი მოიგერია"

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავი თამაში მადრიდის „ატლეტიკოს“ კიპერ იან ობლაკს არ გამორჩენია. სლოვენიელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგის შესახებ თქვა, რომ ყველაფერი მოიგერია.

„კმაყოფილი ვართ სამი ქულით, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო. მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით, ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ მეკარემ ყველაფერი მოიგერია და მან შესანიშნავად ითამაშა, ის დაეხმარა „ვალენსიას“ ბოლომდე შანსი შეენარჩუნებინა“, - თქვა ობლაკმა თამაშის შემდეგ ინტერვიუში.

მამარდაშვილის თამაშს ხაზი გაუსვა დიეგო სიმეონემაც. არგენტინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ის „ვალენსიაში“ მთავარი მოთამაშე იყო.

ცხადია, ქართველი კარის დარაჯის თამაში ძალიან კარგად შეაფასეს ესპანელმა ჟურნალისტებმაც. მაგალითად, As-მა და Eldesmarque-მ გიორგის 9 ქულა დაუწერეს, რაც საუკეთესო შეფასება იყო.

Eldesmarque: „31-ე წუთზე ჟოაო ფელიქსის გოლისგან გადაარჩინა გუნდი, 49-ე წუთზე მორატასგან. ის საუკეთესო იყო „ვალენსიაში“ პირველ ტაიმში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე არ ჰქონდა, ყოველთვის სწორად თამაშობდა. გაშვებულ გოლში ვერაფერი მოახერხა, მეორე ტაიმში კი გუნდი კიდევ სამჯერ გადაარჩინა“.

AS.com: „მამარდაშვილი - პარადაშვილი (სეივთან გააიგივეს). ქართველი მეკარის შესანიშნავი თამაში, რომელმაც ჯერ ჟოაო ფელიქსს წაართვა გოლი, შემდეგ მორატას დარტყმა ფეხით მონუმენტურად მოიგერია. მეორე ტაიმში გუნდი უფრო დიდი სხვაობით წაგებისგან იხსნა, როცა ფერეირა-კარასკოსა და გრიზმანის ძლიერი დარტყმა მოიგერია“.

აქვე გეტყვით, რომ „ვალენსიას“ სამ ტურში 3 ქულით მე-14 ადგილი უკავია და მომდევნო ტურში 4 სექტემბერს, „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130482