ფეხბურთი

2:14 | 29.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარას საქართველოს გზავნილი მხრებზე აქვს, მაგრამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს"
"თავის შესაძლებლობებთან შედარებით დაბალ დონეზე ითამაშა, დაღლილობაც ეტყობოდა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ფლორენციის „ფიორენტინასთან“ მატჩის (0:0) შემდეგ ჯერ ტელეკომპანია DAZN-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას და მერე პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

სპალეტიმ აღნიშნა, რომ ხვიჩას მხრებზე საქართველოს გზავნილი აქვს და ცოტა დაძაბულია, მაგრამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს. იტალიელმა ასევე აღნიშნა, რომ კვარაცხელიამ თავის დონეზე ვერ ითამაშა, მაგრამ ასევე ახსენა ის პასი, რომელიც ირვინგ ლოზანოს გაუკეთა, მაგრამ მექსიკელმა ახლო მანძილიდან გატანა ვერ შეძლო.

„იმასთან შედარებით, ვიდრე შეუძლია, დაბალ დონეზე ითამაშა. ბურთს ზედმეტად ფლობდა და ზოგჯერ დაღლილობაც ეტყობოდა. მაგრამ პასი ლოზანოზე! არის მომენტები, რომელთა გამოუყენებლობა დაუშვებელია.

მას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თავისი თავი წარედგინა თანაგუნდელების, მენეჯერებისა და „ნაპოლის“ ტიფოზებისთვის. ის ახალგაზრდაა და აქვს სურვილი, რომ გაიბრწყინოს, გარდა ამისა, მხრებზე აქვს თავისი ერის, საქართველოს გზავნილი. ახლა ცოტათი დაძაბულია, რადგან თავისი ღირებულების ერთიანად ჩვენება სურს, მაგრამ მშვიდად უნდა იყოს და დაელოდოს შესაფერის მომენტს, რათა ყველას დაანახოს, რომ ნებისმიერი გუნდისთვის მზადაა, რადგან მართლაც ასეა“, - თქვა სპალეტიმ ქართველ ფეხბურთელზე საუბრისას.

გარდა ამისა, მან შემადგენლობაში როტაცია დააანონსა, რაც გვაფიქრებინებს, რომ „ლეჩესთან“ შესაძლოა ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდეს: „რატომ დავაყენე იგივე შემადგენლობა, რაც წინა მატჩებში? იმიტომ, რომ კარგად ვთამაშობდით და როცა კარგად თამაშობ, ცვლილება საჭირო არაა. თუმცა, ახლა, როცა ყოველ სამ დღეში თამაში გველოდება, როტაცია იქნება“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი. ბომბარდირთა დავაში ქართველი ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩთან ერთად ლიდერია.

„ნაპოლის“ 7 ქულა აქვს (როგორც „მილანს“, „ლაციოს“, „ტორინოს“, „ატალანტასა“ და „რომას“) და სატურნირო ცხრილში ბურთების უკეთესი ბალანსით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 31 აგვისტოს, „ლეჩეს“ უმასპინძლებს.

0.102545