სხვა

0:53 | 28.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიელმა ვაინმა ვუელტას კიდევ ერთი ეტაპი მოიგო

ავსტრალიელმა ჯეი ვაინმა ვუელტას მერვე, სამთო ეტაპი მოიგო, ბელგიელმა რემკო ევენპოელმა კი ლიდერის წითელი მაისური შეინარჩუნა. ვაინისთვის ეს მიმდინარე ველომარათონზე მეორე გამარჯვებაა. პირველი მეექვსე ეტაპზე მოიპოვა, რომელიც ძლიერი წვიმის და ნისლის აკომპანიმენტით ჩატარდა.

„წარმოუდგენელია, ჩემი მთავარი მიზანი, თუნდაც ერთი ეტაპის მოგება იყო. დღეს კი, როდესაც ბოლო მოსახვევი გავიარე და უკან მოვიხედე, ვერავინ დავინახე. პირველმა გამარჯვებამ თავდაჯერება შემმატა და ეს დღეს დამეხმარა“, - განაცხადა ავსტრალიელმა.

ევენპოელი ფავორიტების ჯგუფში ყველაზე სწრაფი იყო, როდესაც ისინი ბოლო, 10-კილომეტრიან აღმართს (8.5-პროცენტიანი საშუალო დახრით) შეუდგნენ. მის ტემპს მხოლოდ ესპანელი ერიკ მასი და სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი აჰყვნენ. საბოლოოდ, ევენპოელმა იოლად შეინარჩუნა ლიდერობა. ახლა ის მასს 28 წამს უგებს, სამგზის ჩემპიონ როგლიჩს კი - წუთს და 1 წამს.

„ორის გარდა, ყველა დანარჩენთან უპირატესობა გავზარდე. მაგრამ ეს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მეტოქეა. მთავარია, რომ ხვალინდელი ეტაპისთვის, დასავენებული ფეხები მჭირდება. აღმართი მე შემეფერება. ასეთ აღმართებზე შეტევის დაწყებაა საჭირო და თუ ფეხები ბოლომდე მიგყვა, საქმე გაკეთებულია“, - ამბობს ევენპოელი.

მერვე ეტაპზე გამარჯვებით, ვაინმა საუკეთესო სამთო მრბოლის კოპლებიანი მაისური მოიპოვა, რომელიც მანამდე მონაკოელ ვიქტორ ლანგელოტის ეკუთვნოდა. ასევე შეიცვალა ქულების ჩათვლის (მწვანე მაისური) ლიდერი - დანიელმა მადს პედერსენმა ის ირლანდიელ სემ ბენეტს ჩამოართვა.

კვირის მეცხრე ეტაპზე რბოლის მონაწილეებს ხუთი სამთო მონაკვეთის გავლა უწევთ. მათგან ყველაზე რთული ბოლოა, რომლის სიგრძეც მხოლოდ 4 კილომეტრია, მაგრამ საშუალო დახრა 12 პროცენტს აღწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106394