პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელი კომპანია „აუდი“ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობას 2026 წლიდან დაიწყებს. მას პარტნიორობას ფ1-ის ამჟამინდელ გუნდთაგან ერთ-ერთი გაუწევს, ძრავებს კი გერმანიაში დაამზადებს. პარტნიორი გუნდის დასახელება, ამ წლის ბოლომდე იგეგმება.
დიდი ალბათობით, პარტნიორი გუნდი შვეიცარიული „ზაუბერი“ იქნება, რომლის ბაზასაც ამჟამად „ალფა რომეო“ იყენებს. გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობით დაინტერესებას ასევე ავლენენ „ასტონ მარტინი“ და „უილიამსი“, რომლებიც ამჟამად „მერსედესის“ ძრავებს იყენებენ.
„ფორმულა ერთი ჩვენი ბრენდისთვის არის როგორც მსოფლიო არენა, ასევე განვითარებისთვის საჭირო ლაბორატორია. მაღალი წარმადობის და კონკურენციის კომბინცია, ყოველთვის იყო და იქნება სიახლეების და ტექნოლოგიების წყარო, რომელიც შემდეგ ინდუსტრიის განვიტარებას უწყობს ხელს. ახალი წესების შემოღება, ჩვენთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის ამ ყველაფერში ჩართვისთვის“, - განაცხადა „აუდის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მარკუს დიუსმანმა.
ახლახანს ფორმულა ერთმა ძრავების ახალი რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც 2026 წლიდან შევა ძალაში. ამასთან გადაწყდა, რომ 2030 წლისთვის ფორმულა 1 კარბონ ნეიტრალური იქნება. გაიზრდება ძალურ დანადგარებში ელექტრო ენერგიის წილი.
„აუდის“ ძრავების ცენტრი კომპანიის ინგოლშტადტის შტაბ-ბინასთან ახლოს, ნოიბურგ ან დერ დონაუში განლაგდება. პროექტისთვის ასევე დაარსდება ახალი შტო „აუდი სპორტი“.
ფორმულა 1-თან დაკავშირებით თავის გეგმებს, მალე „პორშეც“ გაგვაცნობს.