ფეხბურთი

14:48 | 26.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი "მანჩესტერში" და რონალდუ "ნაპოლიში" კვარაცხელიასთან?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს და „ნაპოლიში“ გადავიდეს.

სენსაციურ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს. წყაროს თანახმად, მხარეებს შორის კონტაქტი უკვე არსებობს და უარზე არც „მანჩესტერია“. როგორც ტურინული გაზეთი წერს, საუბარია რონალდუს „ნაპოლიში“ იჯარით, გამოსყიდვის უფლების გარეშე გადასვლაზე და ხელფასის 75% მას „მანჩესტერმა“ უნდა გადაუხადოს, რადგან „ნაპოლის“ 24 მილიონის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.

თავის მხრივ, „მანჩესტერი“ „ნაპოლის“ ფორვარდ ვიქტორ ოსიმენს დაიმატებს და სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გაღებაზე ყაბულსაა. ეს ჰიპოთეზა მხარეებს ჟორჟე მენდეშმა წარუდგინა და დიალოგის სურვილი ყველამ გამოთქვა.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით იგივე ფორმულა მენდეშმა „მილანსაც“ შესთავაზა, ოღონდ, „მანჩესტერში“ რაფაელ ლეაოს გადასვლის შესაძლებლობით.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩება. კრიშტიანუ ისეთ გუნდს ეძებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და ასევე ახსენეს ლისაბონის „სპორტინგი“ და მარსელის „ოლიმპიკი“. თუმცა, იტალიური მედიის ცნობით, ყველაზე რეალური „ნაპოლის“ ვარიანტია. ასე რომ, არაა გამორიცხული ხვიჩა კვარაცხელია და კრიშტიანუ რონალდუ თანაგუნდელები გახდნენ.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ იტალიაში 2018-2021 წლებში თამაშობდა, როცა "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა და ზუსტად ერთი წლის წინ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა.

0.117574