ავტოსპორტი

1:01 | 26.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დანიელ რიკარდო „მაკლარენს“ დატოვებს

„მაკლარენმა“ და მისმა ავსტრალიელმა პილოტმა დანიელ რიკარდომ კონტრაქტის შეწყვეტაზე სწრაფად მოილაპარაკეს. ბრიტანული გუნდი თანახმაა, გადაიხადოს იმ ერთი სეზონის ხელფასი, რომელიც რიკარდოს მომავალ სეზონში, კონტრაქტით ეკუთვნის.

მხარეებმა ასევე მოიპლაპარაკეს იმაზეც, რომ რიკარდო არ გადავა უოკინგელთა სხვა სარბოლო სერიებში, მათ შორის, ინდიქარის მსოფლიო სერიაში. ავსტრალიელის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ წინასწარი ვარაუდით, ის „ალპინს“ დაუბრუნდება, რომელიც ორი წლის წინთ დატოვა.

„ალპინი“ ფერნანდო ალონსომ დატოვა, ვინც „ასტონ მარტინში“ გადავა და იქ სებასტიან ფეტელის ადგილს დაიკავებს. ფეტელი ამ სეზონის ბოლოს, ფორმულა 1-ში კარიერას დაასრულებს. „ალპინს“ მის ადგილზე ავსტრალიელი ოსკარ პიასტრის აყვანა სურდა, ვინც ამჟამად გუნდის სარეზერვო პილოტია.

მაგრამ პიასტრი უარზეა. „ალპინს“ საქმე არბიტრაჟში აქვს შეტანილი და სანამ ამ საქმის განხილვა დასრულდება, ახალგაზრდა პილოტის სხვაგან გადასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მას „მაკლარენში“ ელიან, მაგრამ სანამ დავა დასრულდება, უოკინგელები განცხადებას არ გააკეთებენ.

რიკარდოს სხვა ვარიანტებიც აქვს, მაგრამ მისთვის ყველაზე სასურველი „ალპინია“, რომელიც სტაბილურად პროგრესირებს და ლიდერებისგან, რომ იტყვიან, ერთ ნაბიჯშია. „მაკლარენზეც“ იგივეს თქმა შეიძლება, მაგრამ ამ გუნდს რიკარდ ვერაფრით შეეწყო. თუმცა ამ ორ წელიწადში, ერთადერთი გამარჯვება სწორედ მან მოუპოვა.

მოკლედ, ფ1-ის ტრანსფერების სეზონში კიდევ ერთი კვანძი გაიხსნა. შემდეგი „ალპინის“ და პიასტრის საქმეა, რომლის დასრულებაც, გუნდებში ვაკანსიების შევსებას დააჩქარებს.

0.114308