„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ყველა თამაში დაძაბული იქნება და ხაზი გაუსვა მჭიდრო გრაფიკს (მსოფლიოს ჩემპიონატის გამო ჯგუფური ეტაპი 2 ნოემბერს დასრულდება - რედ).
„მინდა, თავიდანვე ვთქვა, რომ დიდი გამოწვევაა. ყველა კლუბს აქვს ხარისხი, ისტორია და შანსი, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. რა თქმა უნდა, კარგი ის არის, რომ ეს შანსი ჩვენც გვაქვს. წინ უნდა გავიხედოთ. წელს განსხვავება ისაა, რომ ჯგუფური ეტაპი ჩვეულებრივზე მჭიდრო გრაფიკში ჩატარდება.
ასე რომ, მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ ძლიერი მეტოქეებისთვის, არამედ განსხვავებული საჭიროებებისთვისა და რიტმისთვის. სულ რაღაც ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „აიაქსთან“ ორი რთული თამაში ჩავატარეთ, ასევე „ნაპოლის“ წინააღმდეგ, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივეს ცოტათი ვიცნობთ და ისინიც ცოტათი გვიცნობენ. „რეინჯერსი“ ჩვენთვის ახალი მეტოქეა, მაგრამ მათაც ასევე ვიცნობთ. ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, ისაა, რომ ექვსივე მატჩი წარმოუდგენლად დაძაბული იქნება“, - აღნიშნა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჯგუფურ ეტაპზე „აიაქსს“, „ლივერპულსა“ და „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.