ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის დავით ქარელმა ოქროს მედალი მოიპოვა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ფინალურ დაპირისპირებამდე 5 მეტოქე დაამარცხა.
მან პირველ წრეში პოლონელ კამილ მიჩანას, შემდეგ კი სლოვაკ კლობუჩკინს აჯობა. მერვედფინალში და მეოთხედფინალში ქარელმა ჯერ უნგრელ სპორტსმენს მოუგო, ხოლო შემდეგ ყაზახეთის წამომადგენელ ორინბასერი ვაზარით დაამარცხა.
ნახევარფინალში ჩვენებურმა აზერბაიჯანელ ნაზიმ იმრანოვს ასევე ვაზარით აჯობა, ხოლო ფინალურ დაპირისპირებაში ფრანგ რაი კელვინს შეხვდა და იპონით სძლია.
ამ დროისთვის საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე 1 ოქრო და 2 ბრინჯაოა. გუშინ მედლები დავით ლომითაშვილმა და საბა საბაშვილმა მოიპოვეს. დღეს კიდევ ერთი ძიუდოისტი საბა სამადაშვილი გამოვა, რომელიც 66 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალშია გასული და ოქროს მედლისთვის უზბეკ ოტაბოევს შეხვდება.
აქვე გეტყვით, რომ აქამდე გამომსვლელმა ყველა ქართველმა მედლის მოპოვება შეძლო, გარდა 50 კილოგრამში მოასპარეზე ლუკა მაისურაძისა, რომელმაც პირველივე ბრძოლა დათმო. ხვალ კი საქმეში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი მიშველაძე და მათე ჩაფურიშვილი ჩაერთვებიან. ეს უკანასკნელი პირველი წრიდან თავისუფალია და მეორე წრეში მისი მეტოქე იტალიელი ფრანჩესკო სანსონეტი იქნება.