ფეხბურთი

1:35 | 25.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი კვარაცხელიაზე: "ვცდილობდი გამეგო, როგორ შეგვეჩერებინა"
დანიელე ადანი: "კვარაცხელიამ ისე დაიწყო, როგორც ველოდი"

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედუარდო რეიამ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ხვიჩას თამაში ალბანეთისა და საქართველოს მატჩის წინ შეისწავლა.

„კვარაცხელიას ეროვნულ ნაკრებში დავუპირისპირდი და თამაშამდე ვიდეოების ყურებით ვცდილობდი გამეგო, როგორ უნდა შეგვეჩერებინა. ის ძლიერი ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის ატყუებს მეტოქეს და ამიტომ, მის შესაჩერებლად ორმაგი მეურვეობა მოვიფიქრე. „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის ამ ტრანსფერს ვულოცავ“, - თქვა რეიამ.

აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ, კვარაცხელიას ალბანეთის წინააღმდეგ არ უთამაშია, სწორედ ამ თამაშის დღეს ის ნეაპოლში ტრანსფერისთვის გაემგზავრა.

კვარაცხელიას შესახებ ასევე ისაუბრეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა დანიელე ადანიმ და „ნაპოლის“ ყოფილმა მეკარე ჯენარო იეცომ.

„კვარაცხელია ძლიერია და ხდება ის, რასაც ველოდი: თავიდანვე კარგად დაიწყო. მას ჩვენი ფეხბურთისთვის იდეალური თვისებები აქვს. მაგონებს ფედერიკო კიეზას, რადგან დრიბლინგის კარიდან შორს დაწყება და გოლის გატანა ყველა მეთოდით შეუძლია. ის ასევე მახსენებს ვეტერან ფეხბურთელს, რომელსაც ბევრი არ ახსენებს: ჯანლუიჯი ლენტინის, რომელსაც იგივე უნარები ჰქონდა“, - აღნიშნა ადანიმ.

ჯენარო იეცომ კი კვარაცხელიას სიტუაცია ეზეკიელ ლავეცის შეადარა, როცა არგენტინელი "ნაპოლიში" გადავიდა:

„მაშინაც ელ პოჩო ლავეცის მიმართ დიდი სკეპტიციზმი იყო. ჩვენ ძალიან მომთხოვნი ხალხი ვართ და როცა ვიღაც უცნობი მოჰყვათ, მაშინვე ცხვირს ვიბზუებთ. კვარაცხელიასთანაც იგივე ურთიერთობა იქმნება ქალაქში, როგორიც ლავეცისა და ნეაპოლს შორის იყო, თან, ქართველმა პრესეზონზე უფრო მეტი აჩვენა, ვიდრე მაშინ ლავეციმ. ნეაპოლელები პირველები იხევენ უკან, როცა ხვდებიან, რომ შეფასებაში შეცდომა დაუშვეს და როცა ამას აკეთებენ, მაშინვე უყვარდებათ ასეთი ფეხბურთელები, როგორიც ლავეცი იყო. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ კვარას მხრებზე დიდი წნეხი არ უნდა ავკიდოთ“, - თქვა იეცომ, რომელიც ლავეცის თანაგუნდელი იყო.

0.118248