კალათბურთი

22:25 | 24.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "გამარჯვებას კაპიტანს ვუძღვნით, რომელიც დავკარგეთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ნიდერლანდების ნაკრები 77:66 დაამარცხა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის წინ კაპიტანი თორნიკე შენგელია დაკარგა, რომელსაც მხრის მოტეხილობა აქვს.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ზეიმის საფუძველი მოგების მიუხედავად არ აქვთ, რადგან კაპიტანი გამოაკლდათ.

„სამწუხაროდ არ შეგვიძლია დღევანდელი გამარჯვების ზეიმი, რადგან კაპიტანი დავკარგეთ. ის არის მოთამაშე, რომელიც ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაში იყო. თუმცა, ძალიან ბედნიერი ვარ გუნდის რეაქციით, ჩვენ ამ გამარჯვებას ჩვენს კაპიტანს ვუძღვნით. ეს გოგას პირველი თამაში იყო, რთული მისთვის და გუნდისთვისაც, რადგან ამხანაგურ მატჩებში ვერ დაგვეხმარა. სამწუხაროდ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე 4 მოგებით ვერ გადმოვედით, მხოლოდ 2 მოგება გვაქვს და გუნდებს 3-3 გამარჯვება. სამწუხაროდ, სისტემა ასეთია.

მჯერა ჩემი გუნდის, ამ ჯგუფის. მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, კარგ შედეგს მივაღწევთ. დიდი შოკია თორნიკეს ტრავმა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. შენგელიას მალე გამოჯანმრთელებას და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ. მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც დარბაზში მოვიდა. ჩვენ გვჭირდება სავსე დარბაზი, ხალხის მხარდაჭერა გვჭირდება, რადგან შინ ვთამაშობთ ევრობასკეტზე. ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება რთულ მომენტებშიც, არა მხოლოდ მაშინ, როცა ვიმარჯვებთ და ზეიმის დროს.

ჩვენ გვყავს შერმადინი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს, ბითაძე, მამუკელაშვილი, ბექაური, შენგელია, რომელმაც სამწუხაროდ ტრავმა მიიღო, გვყავს ბექა ბურჯანაძეც. მე მჯერა ჩემი გუნდის და ერთად უნდა დავრჩეთ. ამ ეტაპზე თორნიკეს ტრავმაზე არ გვაქვს ბევრი ინფორმაცია და ექიმების დასკვნას ველოდებით", - თქვა ზუროსმა.

კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც: „დაძაბული თამაში იყო, ნიდერლანდები კარგი გუნდია. თორნიკეს გარეშე თამაშის დასრულება რთული იყო, რადგან ის ჩვენი კაპიტანი და ლიდერია. თუმცა, სამწვრთნელო შტაბმა და კალათბურთელებმა ერთად დიდი სამუშაო შევასრულეთ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ".

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ ტრავმა ნიდერლანდებთან მატჩის მესამე პერიოდში მიიღო. მან არასრულ 22 წუთში 20 ქულა ჩააგდო და მოედანზე საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრები 27 აგვისტოს, სტუმრად იტალიას შეხვდება, ხოლო 1-7 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

0.123784