საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე თამაში კაპიტნის, თორნიკე შენგელიას გარეშე მოუწევს. ყოველ შემთხვევაში, პირველად პროგნოზი ასეთია.
შენგელიას მხარის მოტეხილობა აქვს, რის გამოც დიდი ალბათობით საოპერაციოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევრობასკეტზე ვერ ითამაშებს. უფრო მეტიც, სავარაუდოდ, თორნიკეს უქმობა 3 თვის განმავლობაში მოუწევს.
შენგელია საავადმყოფოში გამოკვლევაზე წაიყვანეს, ოფიციალურად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ, ხვალ გავრცელდება.
ფაქტია, რომ თამაშის შემდეგ გამარჯვების მიუხედავად, არც მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და არც მოთამაშეები საზეიმო განწყობაზე არ იყვნენ, რაც სიტუაციის სიმძიმეზე მიანიშნებს.
„ეს გამარჯვება შენ გეძღვნება, კაპიტანო“, - დაწერა მატჩის შემდეგ გოგა ბითაძემ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ტრავმა ნიდერლანდებთან მატჩის მესამე პერიოდში მიიღო. მან არასრულ 22 წუთში 20 ქულა ჩააგდო და მოედანზე საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრები 27 აგვისტოს, სტუმრად იტალიას შეხვდება, ხოლო 1-7 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.