საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყო და 7-მატჩიანი წაგებების სერიაც შეწყვიტა.
ილიას ზუროსის გუნდმა „თბილისი არენაზე“ აუტსაიდერ ნიდერლანდებს უმასპინძლა და იოლი გასეირნება არ ჰქონია. პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო და ორივე პერიოდი ფრედ დასრულდა - 18:18. 17:17. გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც საქართველომ დაცვაში კარგად ჩაატარა და 21:9 მოიგო.
სწორედ მესამე პერიოდის შუაწელს მოხდა ჩვენთვის ყველაზე დამაფიქრებელი: თორნიკე შენგელია პარკეტზე დაეცა და მხარი ამოიგდო. საქართველოს ნაკრების კაპიტანი საავადმყოფოში გამოკვლევაზე გადაიყვანეს, როგორც ცნობილია, შენგელიას მხრის მოტეხილობა აღენიშნება და რამდენიმე თვე იუქმებს, რაც ნიშნავს, რომ ევრობასკეტს გამოტოვებს.
შენგელიას ტრავმით გამოწვეული შოკი საქართველოს ნაკრებისთვის რთული გამოდგა და ნიდერლანდებმა ანგარიშის შემცირება დაიწყო, მეოთხე პერიოდის დასაწყისში კი გათანაბრებაც მოახერხეს. თუმცა, მატჩის მიწურულს ზუროსის გუნდმა ძალები მოიკრიბა და წინ გასვლა შეძლო. საბოლოოდ, ქართველმა კალათბურთელებმა 77:66 მოიგეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც არასრულ 22 წუთში 20 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, 19 ქულა დააგროვა თად მაკფადენმა, გიორგი შერმადინმა 13 ქულა და 5 მოხსნა, სანდრო მამუკელაშვილმა 10 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში, ხოლო გოგა ბითაძემ, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, 8 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 27 აგვისტოს, ბრეშაში, იტალიის ნაკრებთან გამართავს, ხოლო 1-7 სექტემბერს, ევრობასკეტზე ითამაშებს. თუმცა, ახლა მთავარი საფიქრალი თორნიკე შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
საქართველო - ნიდერლანდები 77:66 (18:18, 17:17, 21:9, 21:22)